საფეხბურთო სააგენტო Tranfermarkt-მა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა. ცვლილება შეეხო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც, რომლის ღირებულებამაც მისი წარმატებული თამაშის შედეგად მოიმატა.
მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ბოლო მონაცემებით მისი ფასი 35 მილიონს შეადგენს. შედეგად გიორგი ამ დროისთვის საკუთარი კლუბის, “ვალენსიას” ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. მან 5 მილიონით გადაუსწრო ხოსე გაიას, რომლის ღირებულებაც Transfermarkt-ზე 30 მილიონს შეადგენს.
საქართველოს ნაკრების გოლკიპერი Transfermarkt-ზე მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა, ხოლო უშუალოდ ესპანეთში პირველი. ამ ეტაპზე მსოფლიოს უძვირფასესი მეკარე “პორტოს” კარის დარაჯი დიოგო კოშტაა, რომლის ფასიც 45 მილიონ ევროს აღწევს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მამარდაშვილზე ძვირი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 26 ფეხბურთელია, ხოლო საქართველოს ნაკრებში მასზე ძვირად, 80 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელიაა შეფასებული.