„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის და რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობისა და მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.
„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.
„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას.
სიტყვით გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს.
„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, არქი ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა მან.
























