მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წამყვანი პროფესორი" რეალურად "პროფესორი ოდეერია"|დავით ზურაბიშვილის შეფასება

დავით ზურაბიშვილი

„წამყვანი პროფესორი“ რეალურად „პროფესორი ოდეერია“ - ასე აფასებს საქართველოს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სიახლეს, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.

„სხვათა შორის, [უმაღლესი განათლების შესახებ კანონში] ცვლილებებში, რაც მიიღეს, არის ერთი დეტალი, რომელსაც ნაკლები ყურადღება მიექცა, განსაკუთრებით ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შეერთების გადაწყვეტილების ფონზე. ეს არის ე.წ. წამყვანი პროფესორის პოსტის შემოღება. მე პირადად ამას „პროფესორი ოდეერი“ დავარქვი და ასეც ვეძახი. ეს არის პირი, რეალურად უშიშროების წარმომადგენელი, რომელმაც უნივერსიტეტში ვითარება უნდა გააკონტროლოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი უნივერსიტეტში ვითარების გაკონტროლება იდეოლოგიური და ცენზურაა.

„მისი ფუნქციაა, გარკვეული მიმართულებები ჩააბაროს იდეოლოგიურად მყარ, ხელისუფლების მომხრე ადამიანებს და არ დაუშვას იქ არანაირი ოპოზიციური აზრი. პრაქტიკულად, მას ცენზორის ფუნქცია აქვს. ამასთან, სრულიად გაუგებარია თავად მექანიზმი, როგორ აპირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში „წამყვანი პროფესორების“ ინსტიტუტის დამკვიდრებას“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ: „წამყვანი პროფესორის“ სტატუსის შემოღება ნაწილია „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. განათლების მინისტრის განმარტებით, წამყვანი პროფესორი, შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები