მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან

ილიაუნი
24.04.24 14:28
309
სტატიაში საუბარია:

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა.

ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც წერილობითი ნაშრომების მომზადებას, ისე ზეპირ წარმომადგენლობას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.

საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა ეროვნულ რაუნდში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისა და ვაშინგტონში გამგზავრების ხარჯები კი საქართველოს ბანკისა და ილიას უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სრულიად დაიფარა.

საქართველო კონკურსის ფინალურ რაუნდში ილიას სტუდენტებმა წარადგინეს: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე. გუნდს კი მენტორობა

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, თინათინ გოლეთიანმა, გაუწია.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ჯესაპის კონკურსზე პირველად ასპარეზობდნენ, საერთაშორისო რაუნდის დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. გუნდი შეხვდა კანადის (ონტარიო), ირანის (თეირანი), უზბეკეთისა (ტაშკენტის) და გერმანიის (ჰერტის საჯარო მართვის სკოლა) გუნდებს. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა აიღო Best Overall Applicant Side – საუკეთესო მოსარჩელე მხარის – პრიზი, რაც გულისხმობს ჯამურად – როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომპონენტებში, პირველი ადგილის მოპოვებას.

წერილობითმა ნაშრომებმა საერთო რეიტინგის მიხედვით 38-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს მასშტაბით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კონკურენციის გათვალისწინებით: აშშ-ში კონკურსის საერთაშორისო ეტაპზე, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის – 150 გუნდი – მონაწილეობდა მსოფლიოს 85 ქვეყნიდან.

გარდა გუნდური წარმატებისა, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ინდივიდუალური გამარჯვებაც მოიპოვეს: გუნდის წევრები, ქეთევან ბეჟანიშვილი და მარიამ ტაგანაშვილი, მონაწილე 523 სტუდენტიდან საუკეთესო ზეპირ გამომსვლელთა ტოპ 50-ში მოხვდნენ, საერთო შეფასებების მიხედვით.

როგორც თინათინ გოლეთიანი გვეუბნება, სტუდენტებმა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რათა სამართლის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარედგინათ:

"კომპლექსურ კაზუსზე 7-თვიანი მუშაობის შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა, განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსურ საკითხზე სამართლებრივი ანალიზისა და მოსამართლეების წინაშე ზეპირი წარმომადგენლობისათვის მომზადება ინგლისურ ენაზე გვიწევდა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მყარი არგუმენტაციის მომზადება კი უდიდეს ძალისხმევასა და შრომას მოითხოვდა. გვჯერა, რომ ჯესაპის კონკურსზე ჩვენი წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ვუბიძგებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობისკენ, ეს აუცილებლად იქნება მათთვის კარიერული და პიროვნული ზრდის საწინდარი“.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის სკოლის გაძლიერებას, თუმცა იმისათვის, რომ ყველა ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტს ჰქონდეს ასეთ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, აუცილებელია, კერძო სექტორის მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკი აქტიურად ქმნის და მომავალშიც განაგრძობს სტუდენტებისთვის უსაზღვრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ იდეას ემსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამები, ოლიმპიადები და საგანმანათლებლო სივრცეები, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის. მთავარია, გამოიყენო შესაძლებლობები, არ შეწყვიტო ცდა და განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები