პროცესზე წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ბურჭულაძის შემოსავლები დასტურდება ქონებით, ხელფასით, სესხითა და უძრავი ქონების რეალიზაციით.
„სასამართლო პროცესზე მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც ბურჭულაძე მძღოლის პოზიციაზე გადავიდა, თავდაცვის სამინისტროს მძღოლები პარალელურად დაცვის ფუნქციებსაც ითავსებდნენ და მას შესაბამისი წოდება და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, შესაბამისად გაფორმებული იყო იმ სამსახურში სამხედრო პოლიციაში, რომელიც ახორციელებდა თავდაცვის მინისტრის დაცვას. ასევე მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც წავიდა თანამდებობიდან ის აგრძელებდა მუშაობას, უბრალოდ მინისტრის მძღოლი აღარ იყო, სხვა ფუნქციებს ასრულებდა.
რაც შეეხება ხარჯებს, ყველა ხარჯი ასახული არის დეკლარაციაში. 10 წლის პერიოდზეა საუბარი, სადაც ძალიან ბევრი გადარიცხვა არის, თუმცა ესენი მნიშვნელოვანი ხარჯები არ იყო. ჩვენ პროცესზე წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს, რასაც ბრალდების მხარე გვედავება. ეს დოკუმენტი კი ეყრდნობა იმ მასალებს, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოში და ამის გამოკვლევის შემდეგ დადასტურდება, რომ მისი შემოსავლები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მის მიერ გაწეული ხარჯები. ეს კი დასტურდება ქონებით, ხელფასით, სესხითა და უძრავი ქონების რეალიზაციით",- ამბობს დიმიტრი ხაჩიძე, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.
როგორც BMG-ის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა უთხრა, ამ ეტაპზე ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ჯუანშერ ბურჭულაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.




























