ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დატოვა. ის ამის შესახებ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამჟამად პროკურატურა ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. ორივეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მლნ ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი.
მას ქვეყნის დატოვებაც ეკრძალებოდა. ჯერ უცნობია, რა გზით მოახერხა მან საქართველოდან გასვლა. პროკურატურა მასზე სავარაუდოდ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ეცდება.
ბაჩიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია.
ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა.
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.
ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული”, – წერს ბაჩიაშვილი.
"კრიპტოვალუტის საქმეზე" მორიგი სასამართლო დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა განაჩენი დღეს არ გამოცხადდება, რადგან ყველა მოწმე ჯერ კიდევ არ დაკითხულა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ კრიპტოვალუტის საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი დავა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის "მტკვარი ჰესის" საქმეზე მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება 25 თებერვალს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.