"ვიტყოდი, რომ წელი ცოტა მძიმედ დაიწყო და გზავნილებში ზრდა არ იყო მაღალი, თუმცა წლის მეორე ნახევარში უფრო სწრაფ ზრდას ვხედავთ", - უთხრა BMG-ის ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა.
"ფულადი გზავნილები დიდი მნიშვნელობის არის, რადგან საუბარია წელიწადში 8-9 მილიარდ ლარზე. ვხვდებით, რომ ამას ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი ინვესტიციებში მიედინება, ასევე უცხოეთში მომუშავე ბევრი ქართველი უძრავ ქონებაში დებს ინვესტიციას. ეს თანხა ასევე მიედინება მოხმარებაში, რადგან ბევრი ქართველი ამ ფულით ოჯახს არჩენს. ანუ ძალიან დიდი როლი აქვს გადმორიცხვებს. ვიტყოდი, რომ წელი ცოტა მძიმედ დაიწყო და ზრდა არ იყო მაღალი, თუმცა წლის მეორე ნახევარში უფრო სწრაფ ზრდას ვაკვირდებით", - ამბობს ხიშტოვანი.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ფულად გზავნილებს 12%-იანი წილი ჰქონდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 13%-ს აჭარბებდა.
ყველაზე მეტი გზავნილი 4.4 მილიარდი დოლარი საქართველომ 2022 წელს მიიღო. ეს ყველა დროის რეკორდი იყო, თუმცა ზრდა ომს და საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდებოდა. ამ 4.4 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნახევარი რუსეთიდან გადმოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორი მიილია და რუსეთიდანაც გადმორიცხვები შემცირდა, ფულადი გზავნილები მაინც იზრდება ძირითადად ევროკავშირისა და აშშ-ის ხარჯზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში გზავნილების სახით 2.7 მილიარდი დოლარი მივიღეთ.
წელს ევროკავშირის წილი გზავნილებში ყველა დროის რეკორდზეა. ბოლო ხუთ წელში ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან 763 მლნ დოლარიდან 1.4 მილიად დოლარამდე გაიზარდა.
უკვე მეორე წელია ფულად გზავნილებში რუსეთმა პირველობა დაკარგა და საქართველო უფრო მეტს ამერიკიდან და იტალიიდან იღებს. წელს აშშ-დან საქართველომ 501 მლნ დოლარის გზავნილი მიიღო; მეორე ადგილზეა 459 მლნ დოლარით იტალია, მესამეზე კი რუსეთი 344 მლნ დოლარით, გერმანიიდან და საბერძნეთიდან 231 და 215 მლნ დოლარი მივიღეთ.




























