მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 10 სპეციალისტს გამოვუშვებთ - ESCO-S-ისა და USAID-ის თანამშრომლობის შედეგები

ზაალ ხელაძე

ESCO-S-ის დამფუძნებლის ზაალ ხელაძის თქმით, კომპანიას სპეციალისტების პრობლემა ჰქონდა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით, პროფესიული გადამზადების პროგრამით გადაჭრა.

როგორც ზაალ ხელაძემსაქმიანი დილასეთერში განაცხადა, კომპანიას უკვე აქვს პროფესიული გადამზადების აკრედიტებული ცენტრი და შეუძლია ავტომატური ჰიბრიდული ენერგოსისტემების ინსტალაციისა და მოვლა-პატრონობის სპეციალისტების მომზადება.

ერთი წელია შევუდექით კადრების ბარიერის გადაჭრას. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია, რადგან თავად ვამზადებთ. USAID-ი სწორედ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც თავის დროზე დახმარება გაგვიწია. მათი მეშვეობით შევძელით გადაგვემზადებინა ჩვენი თანამშრომლები, ამასთან, მივიღეთ აკრედიტაცია, გვაქვს სასწავლო ცენტრი, სილაბუსები ჩამოყალიბებულია, გადავამზადეთ ტრენერები და ცოდნას სხვებთანაც ვაზიარებთ. წელს 10 სპეციალისტს გამოვუშვებთ. ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის გუნდთან შეთანხმებული ვართ, ეს ადამიანები მათი მემონტაჟეების სიაში მოხვდებიან. უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ და ენერგოაუდიტორების დონეზე ავიდეთ, თუმცა ეს უფრო გრძელვადიანი მოდულია“,- ამბობს ESCO-S-ის დამფუძნებელი.

როგორც ზაალ ხელაძე განმარტავს, განახლებადი წყაროების ჰიბრიდული ენერგოსისტემების მემონტაჟის პროფესია შედარებით ახალი და მაღალანაზღაურებადია.

რეალურად ეს ადამიანი პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგოეფექტიანობის მიმართულებით. საკმაოდ მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს. ვფიქრობ, ანაზღაურება მენეჯერთან მიახლოებული იქნება. ჩვენთვის ძალიან დიდი ბარიერი იყო ამ მომსახურე პერსონალის გაჩენა, იმიტომ რომ კლიენტები გვეკითხებოდნენ, ჩვენ დავამონტაჟებთ, მაგრამ მონიტორინგს რა ვუყოთ?! ახლა უკვე შეგვიძლია მოვიდეთ ჩვენი კონტეინიზირებული სადგურით, დავაერთოთ, მოგემსახუროთ ჩანადირთკარიდან და ასევე მოვამზადოთ თქვენი თანამშრომლები, რომ მართონ სისტემა“,- ამბობს ზაალ ხელაძე.

მისივე თქმით, ESCO-S-ის სამომავლო გეგმებში ბიომასის, როგორც საწვავის გამოშვებაა.

„GEF-ის პროექტის ქვეშ ვმუშაობთ, ენერგოეფექტიანი ღუმელების 33 000 ვაუჩერი გვაქვს დასაკმაყოფილებელი და ახლა ვფიქრობთ გამოვუშვათ ბიოსაწვავი, რომელიც ღუმელში დაიწვება“,- აღნიშნავს ზაალ ხელაძე.

2 მილიონი ლარის ინვესტიციით, ESCO-S-ის ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო დუშეთში ამოქმედდა. 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, კომპანია 33 ათასი ღუმელის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები