Kairos logistics-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ ნამადოვი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ შუა დერეფნის პოტენციალს აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2024 წელს პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, გარდა ევროპა-უკრაინის გადამისამართებული ტვირთების მომსახურებისა, გაზრდილია ჩინური ტვირთების გატარებაც.
„წელს, პირველ 6 თვეში, შუა დერეფანმა იგივე რაოდენობის კონტეინერი გაატარა, რაც გასულ წელს ჯამში. დაახლოებით, 21 000 ერთეულზეა საუბარი. ამასთან, ჯამურად ტვირთების გადაზიდვა 1 მლნ 600 ტონაზეა ამ 6 თვეში ასული, მაშინ როდესაც შარშან, წლის განმავლობაში, დაახლოებით 2 მლნ 800 ტონაზე ვიყავით. ამის გათვალისწინებით, 2024 წელი საუკეთესო წლად შეიძლება დასახელდეს. ვფიქრობ, მომავალი 20-30 წელი ლოგისტიკის თვალსაზრისით ზრდის ტენდენცია იქნება.
ყველა კვლევაში ჩანს, რომ მოთხოვნა არის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საბაჟო ტერმინალებისა და A კლასის სასაწყობო მეურნეობებზე. თუმცა, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც გვაქვს, არის ის, რომ რამდენიმე ზღვის გავლა გვიწევს და აზერბაიჯანში, ალიატის პორტში, რიგებში სამ კვირას ვკარგავთ. ამის მიზეზი ისაა, რომ წარმადობა არ აქვთ. მართალია უკვე განაცხადეს, რომ გაფართოებას აპირებენ, თუმცა როდის დასრულდება გაფართოების პროცესი რთული დასათვლელია. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო დასავლური პარტნიორი ამის გამო ალტერნატივას ფიქრობს, რომ მაგალითად, შუა აზიაში ტვირთები შეიტანოს ჩინეთში ან ინდოეთში და წარმოება ანალოგებით ჩაანაცვლოს, რადგან საკმაოდ დიდი სატრანზიტო პერიოდია. თუმცა, ამის მიუხედავად, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს.
თუ აქამდე ვიყავით წმინდა იმპორტიორები ლოგისტიკური მიმართულებით და სავაჭრო სალდო გვქონდა უარყოფითი, ახლა შესაძლებლობა გაგვიჩნდა რეგიონი მოვამარაგოთ და ტვირთები ჩინეთიდან აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში გადავზიდოთ. აქედან, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ვალუტა შემოდის, რაც პირველი დადებითი ფაქტორია. ამასთან, ჩინეთის 80% საზღვაო გადაზიდვებზეა დამოკიდებული და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ აბრეშუმის გზა. დღეს ისევ აქტუალური ხდება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შუა აზიის და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვა“,- აცხადებს ნამადოვი.
Kairos logistics-ის გენერალური დირექტორი ასევე რუსეთისთვის დაწესებული სანქციის ეფექტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის რუსეთის სანქცირება დადებითად აისახა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებები ყოველდღიურად ახალ პარტნიორებთან მიმდინარეობს, რათა შუა დერეფნით სარგებლობა შეძლონ. ამასთან, კომპანიაც ცდილობს, რომ ყველა ის პირობა შექმნას, რომ კომპანიებმა ტვირთების გატარება საქართველოს გავლით შეძლონ.