მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ჩინეთიდან რეკორდული ღირებულების ავტომობილები და სპეცტექნიკა შემოვიდა

ჩინური მანქანები

ბოლო წლებში, ჩინეთიდან სხვადასხვა სახის და დანიშნულების ავტომობილების იმპორტი იზრდება. ეს ერთი მხრივ, ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოების ხარისხის დახვეწას, ხოლო მეორე მხრივ, ბევრი ტრადიციული ავტომწარმოებლის მიერ ქარხნების ჩინეთში გადატანას უკავშირდება. გასული წელი ჩინეთიდან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის იმპორტის კუთხით რეკორდული იყო, მაგრამ 2024 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ წელს, შესაძლოა, მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ჩინეთიდან საქართველოში $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 მსუბუქი, $19.9 მილიონის ღირებულების 492 სატვირთო ავტომობილი და $6.6 მილიონის ღირებულების 83 ერთეული სპეცტექნიკა შემოვიდა. ჯამში, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ქვეყანაში ჩინეთიდან $45.1 მილიონის ღირებულების ავტომობილები და მანქანები შემოვიდა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 134%-ით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც იმპორტიორებმა ამ დასახელების პროდუქტებში იმავე პერიოდში, მაგრამ ერთი წლით ადრე გადაიხადეს. ყველაზე მეტად, კერძოდ 186%-ით, სპეცტექნიკის იმპორტმა იმატა, რადგან გასული წლის იანვარ-მაისში ჩინეთიდან მხოლოდ $2.3 მილიონის ღირებულების 31 ერთეული მანქანა შემოვიდა. სატვირთოების იმპორტმა წლიურად 139%-ით იმატა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 116%-ითაა გაზრდილი.

ავტომობილებისა და სპეცტექნიკის იმპორტის მაჩვენებელი, რომელიც წლის დასაწყისიდან ჩინეთიდან დაფიქსირდა იმდენადაა გაზრდილი, რომ დიდი ალბათობით, წელს ახალი რეკორდი დაფიქსირდება. 2023 წელს, ჯამში, ქვეყანაში $55.1 მილიონის ღირებულების ავტომობილები და მანქანები შემოვიდა, ანუ იანვარ-მაისის მონაცემებით შარშანდელი იმპორტის 82% უკვე შესრულდა, როცა წლის ჭრილში, სტატისტიკურად, თორმეტი თვიდან მხოლოდ ხუთი არის გასული. თან, როგორც გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, წლის ბოლოსთვის ავტომობილების და მანქანების იმპორტი ჩქარდება.

თუმცა ჩინეთიდან განხორციელებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის იმპორტის სტატისტიკაში კიდევ ერთი ტენდენციის დანახვა შეიძლება, რაც ავტომობილების და მანქანების გაძვირება-გაიაფებას უკავშირდება. წლიურად სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ერთეულის საშუალო ფასმა იკლო, როცა ჩინური მსუბუქი ავტომობილების საშუალო ღირებულება გაიზარდა. თუ 2023 წლის იანვარ-მაისში ერთეული მსუბუქი ჩინური ავტომობილი $11,845 ღირდა, წელს ფასი $16,620-მდე გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში შედარებით ძვირად ღირებული ჩინური ავტომობილების, მათ შორის Geely-ის, ZEEKR-ისა და BYD-ის მიმართ ინტერესის ზრდას უკავშირდება.

რა განაპირობებს ჩინური მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის მიმართ მზარდ ინტერესს?

პირველ რიგში, სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის საკითხი განვიხილოთ, რომლის მიმართ მზარდ ინტერესს ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქტის გაზრდილი ხარისხი განაპირობებს. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფოა და სპეცტექნიკის წარმოება მისთვის ახალი არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში, ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ გამოშვებული მძიმე ტექნიკა ხარისხით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. ამის გამო კომპანიებს ერჩივნათ უფრო მეტი გადაეხადათ და ევროპული ან ამერიკული მანქანები ეყიდათ. თუმცა ბოლო წლებში, ჩინური სპეცტექნიკის ხარისხი, სანდოობა და ტექნოლოგიურობა მკვეთრადაა გაზრდილი, ხოლო ფასი - შენარჩუნებული. გამომდინარე იქიდან, რომ სპეცტექნიკას კომპანიების უმეტესწილად ლიზინგით ყიდულობენ, მოთხოვნა, დიდწილად, შეთავაზებული ფასის მიხედვით დგება, ანუ შედარებით იაფი ჩინური სპეცტექნიკა კომპანიების დიდი ნაწილისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.

თუმცა მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია, რადგან ჩინეთიდან უმეტესწილად ელექტრომობილები შემოდის - ეს კი ის სფეროა, რომელშიც ჩინეთის ხელისუფლება დიდ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ხედავს. ბოლო წლებში, აზიური ქვეყნის ხელისუფლებამ სექტორის მხარდასაჭერად დიდძალი სუბსიდიები და საგადასახადო შეღავათები დააწესა, რამაც ჩინეთში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების ბუმი შექმნა. ამ ავტომობილების დიდი ნაწილი, მართალია, მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება, მაგრამ ბევრი ავტომწარმოებელი დიდი ექსპორტიორიც გახდა, რასაც მათ მიერ წარმოებული ავტომობილების რენტაბელურობა, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს.

ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების ბოლოდროინდელი გააქტიურების ყველაზე კარდ მაგალითად უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის ერთ-ერთ პორტფელური კომპანია, BYD გამოდგება, რომელმაც, მართალია, არსებობა ელექტრობატარეების წარმოებით დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მესამე უდიდეს ავტომწარმოებელ კომპანიად იქცა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს აღემატება. BYD-ის წამყვან პოზიციებს ავტომობილების მიმზიდველი დიზაინი, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს, რადგან ამ კომპანიის საწარმოო ხაზში წარმოდგენილია, როგორც $10,000-იანი ჰეჩბეკი BYD Seagull-ი, ასევე $240,000-იანი სუპერქარი BYD U9, რომელსაც ადგილიდან ახტომა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები