"მეფუტკრეობაში წლევანდელი რეალობა საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა, რადგანაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმ რაოდენობის თაფლი, რასაც წინა წლებში ვწურავდით, ვერცერთ რეგიონში ვერ დავწურეთ და თაფლის გემოვნური თვისებებიც შეიცვალა, რადგან ამინდის გამო ფუტკარმა იმ ყვავილებზე მუშაობა ვერ მოახერხა, რაზეც ადრე მუშაობდა", - ამის შესახებ თაფლის მწარმოებელი კომპანიის "რუხი დედოფლის" დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ BMG-სთან განაცხადა.
მისივე ცნობით, აკაციის თაფლი, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ ძვირად ფასობს, წელს მცირე რაოდენობით აქვთ. შედარებით დიდი რაოდენობით მიიღეს მინდვრის ყვავილების თაფლი, თუმცა, მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ეს პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე აკაციის თაფლთან შედარებით, ბევრად იაფად ფასობს.
რაც შეეხება უშუალოდ საექსპორტო ბაზრებს, კომპანიაში გვიყვებიან, რომ მათ აქცენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე აქვთ გაკეთებული, თუმცა, უახლოეს მომავალში ექსპორტის ევროპის მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავენ.
"წელს პირველი პარტია, დაახლოებით, 700 კილოგრამამდე თაფლი გავიტანეთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კატართან და საუდის არაბეთთან მიმდინარეობს და როცა ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ პარტიასაც გავიტანთ. ევროპის ქვეყნებშიც გვქონდა გამოცდილება, თუმცა ეს მცირე რაოდენობები იყო და ამჟამად ვგეგმავთ, რომ გერმანიაში და ესტონეთშიც გავგზავნოთ პროდუქცია. ფასის მხრივ კი, ახლო აღმოსავლეთში უფრო ძვირად ღირებულია ქართული თაფლი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში," - აცხადებს თამარ კვარაცხელია.
მისივე ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული თაფლის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ მთავარ აქცენტს ექსპორტზე აკეთებენ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი ასოციაციისთვის 500 ტონა იყო, ამ დროის მონაცემებით კი, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოდან მხოლოდ 389 000 დოლარის ღირებულების, 41 ტონა თაფლი გავიდა.