2026 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება უკვე მესამედ ჩატარდება. წელს ყურადღება მენტორშიფს დაეთმობა, რომელიც გიორგის ცხოვრების და საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო - ინფორმაციას ამის შესახებ GTSA-ის საორგანიზაციო გუნდი ავრცელებს.
"ღონისძიების მიზანი კვლავ უცვლელია - გიორგი ტუხაშვილის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების გავრცელება, რომლებიც მას ამოძრავებდა: ადამიანების მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება და ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზატორების ცნობით, 2026 წელს ღონისძიება ორი ნომინაციით ბრუნდება: Boldest Startup და Best Newcomer.
"პირველი ნომინაცია განკუთვნილია სტარტაპისთვის, რომელმაც მოახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი წლის განმავლობაში. ხოლო მეორე ნომინაციით გვსურს წავახალისოთ ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები.
Best Newcomer ნომინაციაში ნომინირებული სტარტაპებიდან შეირჩევა 5 ფინალისტი გუნდი, რომლებიც მონაწილეობას ერთდღიან ინტენსიურ მენტორშიფ ბუთქემპში მიიღებენ და გამოცდილ მენტორებთან ერთად თავიანთი იდეის/ფიჩის და სხვადასხვა კომპონენტის დახვეწაზე იმუშავებენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამწყები ფინალისტი სტარტაპი მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას - წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს მენტორინგი გიორგის მეგობრებისა და ეკოსისტემის ლიდერებისგან სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია პრესრელიზში.
წლევანდელი დაჯილდოება მიზნად ისახავს:
- ადრეული ეტაპის სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ზრდის ხელშეწყობას;
- ძლიერი, ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სტარტაპ საზოგადოების განვითარებას;
- იმ ღირებულებების გაგრძელებას, რაც გიორგი ტუხაშვილის მემკვიდრეობას წარმოადგენს.
"გიორგის მეგობრების მტკიცე რწმენით, ურთიერთთანამშრომლობის გზით შესაძლებელია იმ ეკოსისტემის შენება, რომლის შექმნასაც გიორგი მთელი გულით ემსახურებოდა. ეს ინიციატივა არა მხოლოდ მისი ხსოვნის პატივისცემაა, არამედ მოქმედი პლატფორმაა მომავალი თაობისთვის - რომ გაიზარდონ, გაუზიარონ და შექმნან", - წერენ დაჯილდოების ორგანიზატორები.
ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზეა შესაძლებელი.
2024 წელს სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი, რომელიც, ამასთან, წლების განმავლობაში Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობას იკავებდა.

























