მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ისრაელელი ტურისტები არ აპირებენ თურქეთში დასვენებას, ამიტომ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“ - ალავერდაშვილი

ტურიზმი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, წინასაახალწლო პერიოდში თბილისსა და ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების დიდი ნაწილი სრულად შევსებული იყო. სამთო კურორტებზე გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, ხოლო თბილისში სომეხი ტურისტები ჭარბობდნენ.

„ახალი წლის პერიოდი ყოველთვის გადატვირთულია და წელსაც ძალიან კარგი ახალი წლის პერიოდი ჰქონდა მაღალმთიან კურორტებს. ძირითადად უცხოელი ტურისტებით იყო სასტუმროები სავსე. ახლა ისინი მიდიან სახლში, შესაბამისად, იანვარი საშუალო დატვირთულობას აჩვენებს.

სამთო კურორტებზე ძირითადი მასა მაინც იყო გალფის ქვეყნებიდან, ოღონდ მათ შორის ბევრი ინდოეთის წარმომადგენლები იყო. ის ხალხი, ვინც გალფის ქვეყნებში ცხოვრობს და მუშაობს. იცით, რომ მათ აქვთ უფლება შემოვიდნენ საქართველოში ვიზის გარეშე და ისინი კარგადაც ხარჯავენ.

რაც შეეხება თბილისს, წელს ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა სომხეთიდან, სასტუმროების 70% სომეხი სტუმრებით იყო დატვირთული. თბილისში სასტუმროების რაოდენობა შემოსულ ტურისტებთან შედარებით ისე გაიზარდა, რომ ნაკადი ვერ ეწევა ოთახების ზრდას. ფასი დგინდება კონკურენციიდან გამომდინარე, ამიტომაც, თბილისში როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებში განთავსების ფასი დაწეულია. საშუალო ფასი ჯგუფური ჯავშნების დროს, ერთ ადამიანზე გამოდის 50$, ვსაუბრობ 4 ვარსკვლავიან სეგმენტში ორადგილიან ნომერზე საუზმით. წელს დედაქალაქს 10 ათასი საწოლით მეტი აქვს ვიდრე წინა წელს ამ პერიოდში ჰქონდა. ადრე 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროები ნაკლები იყო, ახლა პირით არის“, - ამბობს ალავერდაშვილი.

სექტორს პოზიტიური მოლოდინები აქვს წლიურ ჭრილშიც. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ თებერვლიდან ჯავშნების გააქტიურებას ელიან ისრაელის ბაზრიდან.

„ჩვენთვის ყველაზე უცნაურია ის, რომ წინასწარი ჯავშნები, როგორც ეს კოვიდამდე იყო, აღარ გვაქვს. 7-10 დღით ადრე, როცა გვგონია, რომ არ გვეყოლება სტუმარი, მაშინ იჯავშნება სასტუმროები.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ებრაელი სტუმრები დაგვიბრუნდებიან. ებრაელები მოდიან და გვეუბნებიან, რომ წელს ისრაელი არ აპირებს თურქეთის კურორტებზე დასვენებას. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში ისრაელიდან საკმაოდ დიდ ნაკადი ჩამოვა, იმაზე გაცილებით მეტს ვიდრე აქამდე იყო. მსხვილი ტურისტულები გვიკავშირდებიან და წინასწარ ჯავშნიან.

2022 წელს ბევრი სტუმარი გვყავდა გალფის ქვეყნებიდან, თუმცა 2023 წელს თურქეთმა გაუხსნა თავისი კურორტები და ბევრი სტუმარი დავკარგეთ. მათთან კონკურენციაში ვერ შევდივართ მით უმეტეს რეზორტების მიმართულებით. წელს უნდა შევეცადოთ დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარეც ბევრი რამე იცვლება და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ.

მინდა ვთქვა, რომ ამ ქაოსური პირობების მიუხედავად რაც გარშემო გლობალურად არსებობს, სექტორი ძალიან კარგად მუშაობს. უდიდესი შრომის ფასად იტვირთება სასტუმროები. არ მინდა თავის წვლილი დავუკარგო სახელმწიფოსაც, ბევრი ახალი რესის დანიშვნა ხდება, ამის გამო კიდევ უფრო იზრდება რაოდენობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოგებიანობის ნაწილში სექტორი 2016-2017 წლიან ნიშნულ 2024-2025წწ-ში მიაღწევს", - თქვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები