მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს კარტოფილის რეკორდული ექსპორტის შემდეგ, ივლისში გაყიდვები მინიმალურია

ექსპორტი

6-თვიანი რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ ივლისში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი მინიმალური იყო. ამის შესახებ საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა.~

აღსანიშნია, რომ კარტოფილის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში რუსეთში ივლისში გადაზიდვების მაჩვენებელი ნულოვანია. საკითხზე ყურადღება რუსულმა მედიამაც გაამახვილა.

სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ჯამურად ქვეყანამ კარტოფილის ექსპორტით რეკორდული - 26.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 919 ათას დოლარს შეადგენდა. ამასთან, მთავარი სარეალიზაციო ქვეყანა წელს რუსეთი იყო, სადაც კარტოფილის გადაზიდვები გასული წლის ივნისიდან დაიწყო.

იანვარ-ივლისის ჭრილში საქართველოდან ექსპორტირებული კარტოფილის 77.3% რუსეთში გადის. შესაბამისად იანვარ-ივნისში ქვეყნიდან ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში 20.5 მლნ დოლარის 50 347 ტონა კარტოფილი გაიყიდა, ივლისში კი საქსტატის მონაცემებით, გადაზიდვები არ ფიქსირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ივლისში საქართველოდან კარტოფილის მინიმალური რაოდენობით მხოლოდ ბელარუსში გავიდა, რამაც 68 ათასი დოლარი და 212 ტონა შეადგინა, სხვა საექსპორტო ქვეყნებში კი გადაზიდვები არ ყოფილა და 6 თვის მაჩვენებელზე დარჩა.

საქართველოს კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/7 თვე):

  • რუსეთი - $20.5 მლნ, 50 347 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $3.7 მლნ, 20 259 ტონა;
  • ბელარუსი - $1.3 მლნ, 3 302 ტონა;
  • სომხეთი - $796 ათასი, 3 743 ტონა;
  • ყაზახეთი - $ 84 ათასი, 394 ტონა;
  • თურქმენეთი - $47 ათასი, 239 ტონა.
  • მოლდოვა - $18 ათასი, 129 ტონა;
  • უზბეკეთი - $4 ათასი, 22 ტონა;

რუსულ მედიაში, ივლისში საქართველოდა რუსეთში კარტოფილის ექსპორტის შეჩერების მიზეზებზე არაფერს წერენ, ისინი მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობიან. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 2025 წელს 7.5-7.6 მლნ კარტოფილის აღება იგეგმება. 2024 წელს კი კარტოფილის მოსავალი 7.3 მლნ იყო.

BM.GE-მ ივლისში კარტოფილის მინიმალური ექსპორტის მიზეზების გასარკვევად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები