ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარეობს გომისმთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წელს ზაფხულისთვის იქნება მიღებული. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ გენგეგმის არარსებობა იყო მიზეზი იმისა, რის გამოც კურორტზე ქაოსური/უკანონო განაშენიანება ხდებოდა.
„გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ, კონკრეტული მონაკვეთების გრგ-ის (განაშენების რეგულირების გეგმა) შემუშავება და წყალმომარაგების პროექტების გაკეთება დაიწყება.
ადამიანებს სახლები აქვთ იმ ადგილებში, სადაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან, შესაძლოა იყოს ზვავსაშიში ადგილი. შესაბამისად, პირველ რიგში, პრევენციული ზომების გატარებას დავიწყებთ და უკვე დეტალურად ჩავალთ პროექტში. პროექტი გვაჩვენებს კურორტის სირთულეებს. წყლის პროექტირებას წელსვე ვგეგმავთ, რაც შეეხება ნარჩენების გატანას, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გადაადგილების პრობლემის მოგვარება ამ პრობლემასაც აღმოფხვრის,“ - აცხადებს თალაკვაძე.
მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ელექტროენერგია გომისმთას შუახევიდან მიეწოდება, თუმცა იგეგმება, რომ კურორტის ელექტრომომარაგება ოზურგეთიდან მოხდეს.
თალაკვაძე სავარაუდო ინვესტიციაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს და ამბობს, რომ გენერალური გეგმის დასრულების შემდეგ, პროექტირებას დაასრულებენ, რის შემდეგაც ყველა ფინანსური ხარჯის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. მისივე თქმით, საინვესტიციო თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტით ან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონალური ფონდიდან მოიძიებენ.