2023 წლის 7 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან ექსპორტი 3.6 მილიარდი დოლარი იყო, თითქმის 16%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარი, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე ჩამოყალიბდა: სომხეთი (495 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ დოლარი).
2023 წლის 7 თვეში რუსეთში ექსპორტი 26.2%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია რუსეთის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში და 11.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი). როგორც სტატისტიკიდან ჩანს, რუსეთი რიგით მეორე საიმპორტო ქვეყანაა, სადაც წელს იმპორტის მოცულობა წლიურად 24.2%-ით გაიზარდა.