მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, საპროცენტო განაკვეთების შემცირება დღის წესრიგიდან იხსნება, ინფლაცია 4.2% იქნება | G&T

ლარი

Galt&Taggart-ი წელს 4.2%-იან ინფლაციას ვარაუდობს, მაშინ როცა ირანის ომის დაწყებამდე 3%-იან ნიშნულს პროგნოზირებდა. ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში - "ირანის ესკალაცია: 50 დღე - საქართველოს მდგრადობის შეფასება".

Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2027 წლიდან ინფლაცია ისევ 3%-ისკენ დაიწყებს შემცირებას.

“ირანთან ესკალაციამდე ვვარაუდობდით, რომ 2026 წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ დაახლოებით 3.0% იქნებოდა.

გლობალური ნავთობის ფასების ზრდა უკვე აისახება შიდა ხარჯებზე და მისი გავლენა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება აპრილის ინფლაციის მონაცემებში. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები 1 აპრილიდან გაიზარდა, რაც დამატებით ზრდის ზეწოლას საოჯახო ხარჯებზე.

ახლა ვვარაუდობთ, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.2% იქნება - მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი, თუმცა მაინც კონტროლირებადი - და 2027 წელს კვლავ 3.0%-ისკენ შემცირდება.

ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირება დღის წესრიგიდან იხსნება. მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წელს დაიწყებდა 8.0%-იანი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას. ახლა ველოდებით, რომ იგი წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, ხოლო შემცირება მხოლოდ 2027 წელს გახდება შესაძლებელი, როდესაც ინფლაციის შემცირება მკაფიოდ გამოიკვეთება”, - წერია მიმოხილვაში

რაც შეეხება ლარის კურსს, Galt&Taggart-ი საბაზისო სცენარის მიხედვით, ლარის სტაბილურობას ელოდება. მიმოხილვაში ასევე წერია ის, რომ ლარს ირანის ომის პირობებში სტაბილურობაში სამი ფაქტორი დაეხმარა.

"სამი ფაქტორი დაეხმარა მის სტაბილურობას. პირველი - საქართველოს ეროვნული ბანკი კრიზისს შეხვდა რეკორდული საერთაშორისო რეზერვებით, 6.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით. მეორე - სავალუტო შემოდინებები მთლიანობაში კვლავ იზრდება და საგარეო ბალანსის გაუარესება არ შეინიშნება. მესამე - ბაზრის განწყობა შეიცვალა - იგი აღარ ვარდება პანიკაში გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირველივე ნიშნებზე.

მარტის პირველ კვირაში 2.7%-იანი მოკლევადიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი სწრაფად გამყარდა და ახლა ისევ დაუბრუნდა გამყარების ომამდელ ტენდენციას - დაახლოებით 2.69–2.70 ლარის ფარგლებში ერთ დოლართან მიმართებით. ჩვენი საბაზისო სცენარის მიხედვით, ველოდებით, რომ იგი სტაბილური დარჩება”, - წერია მიმოხილვაში.

Galt&Taggart-ის მიხედვით, სავალუტო ბაზარზე გადაჭარბებული რეაქციების თანდათან შემცირების ტენდენცია აშკარაა:

  • COVID-19-ის პერიოდში, 2020 წლის მარტში - 26%-იანი გაუფასურება;
  • რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებისას, 2022 წლის თებერვალში - 14%;
  • შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს, 2023–24 წლებში - 4–6%;
  • ირანთან დაკავშირებული ესკალაციისას, 2026 წლის მარტში - 2.7%.

Galt&Taggart-ის მიხედვით, ირანის ომი ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორს შეეხო, ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლებზე კი ეს ისე არ აისახა, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები