წელს, პირველ ცხრა თვეში, საქართველოში 1173-მა უცხოელმა მოითხოვა თავშესაფარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ვინაიდან 2023 წელს ჯამში, 1052 უცხოელი დარეგისტრირდა საქართველოს თავშესაფრის მიღებისთვის. 2022 წელს კი - 1473, ხოლო 2021 წელს - 743.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ წელს თავშესაფარი ყველაზე მეტი რაოდენობით უკრაინელებმა, ირანელებმა და თურქებმა მოითხოვეს.
კერძოდ, წელს, პირველ სამ კვარტალში 174 უკრაინელმა მოითხოვა თავშესაფარი საქართველოში, ასევე, 168 თურქმა, 168 ირანელმა, 123 ინდოელმა, 104 პაკისტანელმა და 63 რუსეთის მოქალაქემ.
2023 წლის ჯამური სტატისტიკა თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებულ უცხოელთა შესახებ კი შემდეგია:
ირანი - 204
თურქეთი - 156
უკრაინა -163
რუსეთი - 83
ეგვიპტე - 46
პაკისტანი - 46
ინდოეთი - 32
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში რეკორდული რაოდენობის - 516-მა უკრაინელმა მოითხოვა თავშესაფარი. იმავე წელსვე, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რუსეთის 115-მა მოქალაქე დარეგისტრირდა.
თუმცა, ეს სტატისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ამავე რაოდენობის უცხოელს მიანიჭა თავშესაფარი. 2022 წელს სტატუსის მინიჭებაზე უარი 822-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორის უკრაინის არცერთი, ხოლო რუსეთის - 40 მოქალაქე იყო. სამაგიეროდ, იმავე წელს, რუსეთის ორმა მოქალაქემ მიიღო ლტოლვილის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი კი - 4-მა. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, ჰუმანიტარული სტატუსი 367-მა უკრაინელმა მიიღო. ლტოლვილის სტატუსი კი არცერთმა უკრაინელმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სამი კვარტალის მონაცემებს, ჯამში უარი სტატუსის მინიჭებაზე 86 რუსეთის, ხოლო 9 უკრაინის მოქალაქეს ეთქვა, ჰუმანიტარული სტატუსი კი 72 უკრაინელს და არცერთ რუსს მიანიჭეს.
ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადება რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში არსებითად განიხილება ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოში.