მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ცხვრის ჭირმა სულადობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა - ბექა გონაშვილი

ფერმერი

2024 წლის 8 თვეში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 40%-ით შემცირდა.

შემცირების მიზეზი ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარზე, აზერბაიჯანში ქართლის რეგიონში დაფიქსირებული ჭირის შემთხვევების გამო ცხვრის ექსპორტის აკრძალვა იყო. ექსპორტი აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე აკრძალული იყო.

"აგროქიზიყის" დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ამბობს, რომ ცხვრის ჭირმა სულადობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა. გონაშვილი მეცხვარე ფერმერებს მოუწოდებს, დროულად მოახდინონ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია, რაც ბიუჯეტიდანაა დაფინანსებული და მათ ამაში თანხის გადახდა არ უწევთ.

"ჩვენი, საქართველოში საექსპორტო ცხვრის სულადობა როგორც წესი, მყარია. მინდა, რომ განსაკუთრებულად მოვუწოდო ფერმერებს, ის სავალდებულო აცრები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს უფასოდ, აუცილებლად უნდა უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ასე დამალვა და ასეთი მოქმედებით თავის არიდება. თორემ, ვიღებთ შედეგს, რაც 2024 წელსაც დადგა. ცხვრის ჭირი 2016 წელს რომ დაგვიფიქსირდა და მაშინ, ვაქცინაცია ჩატარდა მას შემდეგ არ გვქონია შემთხვევები და წელს ისევ იფეთქა ერთ-ერთ რეგიონში. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მივიღოთ მონაწილეობა როგორც "თურქულის" ასევე ჭირის ვაქცინაციაში და ა.შ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის უფასო სახელმწიფოს მხრიდან.

წელს ცხვრის ჭირმა სულადობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა. თან, ცხვრის ჭირი ძირითადად ერევა და კლავს ახალშობილ ბატკანს. აქედან გამომდინარე ეს აცრა უნდა მოხდეს დედაზე და დედა უნდა აიცრას დროულად", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები