მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს უფრო დახვეწილი „ფიშინგ“ შეტევებია მოსალოდნელი“ - ინგა ქარჩავა

ინგა ქარჩავა

საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებსა და მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წელია ხელოვნური ინტელექტის და მისი შესაძლებლობების შესახებ აქტიური განხილვა მისი საფრთხეების შესახებ მიმდინარეობს. ამ კუთხით, „ფიშინგ“ შეტევები ყველაზე წარმატებულია.

„წელს მოსალოდნელია მიზანმიმართული „ფიშინგ“ შეტევების განხორციელება. ამასთან, დროის გაცილებით ნაკლებ მონაკვეთშია შესაძლებელი პაროლის გამოცნობა. რადგან კიბერთაღლითები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პაროლის გამომცნობ ალგორითმებს აუმჯობესებენ.

გარდა ამისა, Deep fake-ები (აუდიო მასალით მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული ხმისა და ვიზუალიზაციის შექმნა) შემოვა, რომლის გარჩევაც გამოცდილ თვალსა და ყურსაც კი შეიძლება გაუჭირდეს. პაროლის დაყენებისას რეკომენდებულია, გამოვიყენოთ ფრაზები. ასევე დიდი ყურადღება ექცევა მონაცემების დაცვას. მონაცემებზე სისტემური წვდომა რაც შეიძლება ცოტა ადამიანს უნდა გქონდეს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს შიფრაციის მექანიზმსაც,“-აცხადებს ქარჩავა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტია განვითარებული, რომელიც სტანდარტული ინტელექტისგან (ავტოკორექტორი, GPS და ა.შ.) განსხვავებულია. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობას იძლევა განსხვავებული კონტენტის შექმნის, ამასთან უფრო შემოქმედებითი და მძლავრი შესაძლებლობების მატარებელია.

„იმ სიკეთესთან ერთად, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა და რასაც სამომავლოდ მოიტანს, არის ის საფრთხე, რომ ერთი ასად იზრდება კიბერსაფრთხეები, მათ შორის „ფიშინგის“ შეტყობინებების ხარისხის კუთხით.

ცნობიერების ამაღლების კამპანიებში დიდი როლი კომერციულ ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს მიუძღვის, შესაბამისად დღეს შეიძლება პრიმიტიული „ფიშინგ“ შეტყობინება საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა და ტექნოლოგიის მოსარგებლემ გაარჩიოს. თუმცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ის ღირებულება რაც ამ ტექნოლოგიამ მოიტანა სასარგებლო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, იგივე ტექნოლოგია ხელმისაწვდომია კიბერთაღლითებისთვის. ამიტომ, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ იგივე „ფიშინგთან“, რადგან მალე მეტად პერსონიფიცირებული „ფიშინგ“ შეტყობინების გენერაცია იქნება შესაძლებელი, რომლის გარჩევა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი,“-განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა.

მისი განმარტებით, წინა წლის მონაცემებით, თუ „ფიშინგ“ შეტყობინებების 18% იყო წარმატებული რომელსაც უფრო ზოგადი ხასიათი ჰქონდა, წარმატებული „ფიშინგ“ შეტყობინებები, როდესაც ეს იყო პერსონიფიცირებული 50%-მდეა გაზრდილი. ანუ კიბერშეტევების სქემები იხვეწება. ხოლო, დღეს არსებული კიბერთავდაცვითი მექანიზმი შეიძლება მინიმალური იყოს და ხვალ და ზეგ არ იყოს ადეკვატური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები