საქართველოდან შავი ლითონის უნაკერო მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტი მზარდია. 2025 წლის 8 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 21 მილიონ 947 ათასი დოლარის ღირებულების 21 866 ტონა ლითონის მილები გავიდა ექსპორტზე, რაც ამ პერიოდისთვის გაყიდვების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. წლიურად ლითონის მილებისა და ღრუ პროფილების ექსპორტი 22.6%-ით გაიზარდა.
როგორც BMG-სთან ინტერვიუში მეტალურგიის დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ფოლადის გლობალურ ბაზარზე არსებული მერყეობის მიუხედავად, ქართულ უნაკერო მილებზე მოთხოვნა მზარდია. იგორ კორიტკოს თქმით, წელს კომპანია ამ პროდუქციის ექსპორტის ზრდას დაახლოებით 20%-ით გეგმავს.
საქართველოში ადგილობრივად წარმოებული შავი ლითონისა და უნაკერო ღრუ პროფილების მთავარი სარეალიზაციო მიმართულებები იტალია და აშშ-ია.
„ჩვენ მიერ წარმოებული უნაკერო მილების 100% ექსპორტზე გადის. პროდუქციის ნახევარი აშშ-ში გადის, ნახევარი - ევროპაში. ეს ქვეყნებია იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, მცირე რაოდენობით რუმინეთი. მცირე მოცულობები მეზობელ ქვეყნებშიც გადის. თუ მილების მსოფლიო ბაზარზე ვისაუბრებთ, ჩვენ საკმაოდ მცირე წილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს უპირატესობაა, რადგან ნამდვილად არ ვართ დამოკიდებული მსოფლიო ბაზრის რყევებზე, არსებული მოცულობის გაყიდვა ყოველთვის შეგვიძლია.
რატომ აშშ? იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ნავთობისა და გაზის მილების პირველი ბაზარია. აშშ-ში საკმარისზე მეტი სივრცეა, შტატებს წლიურად 1 მილიონ ტონაზე მეტი მილების იმპორტი აქვს. სწორედ ამიტომ, ეს ჩვენი მთავარი ფოკუსია. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ევროპა ჩვენთან ახლოსაა და ეს არის ძალიან დიდი ბაზარი მექანიკური მილების თვალსაზრისით.
ეს ორივე ბაზარი მზად არის, იყიდოს ჩვენი პროდუქცია. ისინი ითხოვენ ხარისხს, სერვისს, მიწოდების დროს და მზად არიან გადაიხადონ. ეს კარგი შანსია, გავზარდოთ ჩვენი წილი საექსპორტო ბაზარზე. რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, 2024 წელს 30,000 ტონა გავიტანეთ ექსპორტზე, წელს კი მინიმუმ 35 ათასი ტონა იქნება, რაც დაახლოებით 20%-იან ზრდას ნიშნავს“, - განაცხადა იგორ კორიტკომ BMG-სთან ინტერვიუში.
"რუსთავის ფოლადი" არმატურის ბიზნესის გაყიდვას განიხილავს - კომპანიის გეგმები



























