მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს უნდა დასრულდეს რუკების მზადება, რომელიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მეტ ინფორმაციას მოგვცემს“

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, წელს უნდა დასრულდეს რუკების მზადება, რომელიც სპეციალისტებისთვის საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შოვში განვითარებულ სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება თანმიმდევრული პროცესია, რომელიც მალე დასრულდება.

„დონორების დახმარებით, ვახორციელებთ მეტეოროლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონტაჟს, ორი სრულიად თანამედროვე რადარი დამონტაჟდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს ამინდის შესახებ. ბოლო წლებში 200-ზე მეტი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.

რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემებს, ეს არის ამის შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯი, იმ შეფასებებთან ერთად რომელიც სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. წელს დასრულდება რუკების მზადება, რომელიც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მოგვცემს. ეს პროცესი თანმიმდევრულია, მონიტორინგმა და არსებულმა დაკვირვებებმა უნდა მოგვცეს ანალიზის საშუალება ექსპერტებს და სპეციალისტებს სად არის მიზანშეწონილი ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენება. სადღაც ეს შეიძლება ეფექტური იყოს, სადღაც - არა. ვფიქრობთ, ძალიან მალე მთელი ქვეყანა დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გეოლოგების შეფასებით, რა გაფრთხილების სისტემაც არ უნდა ყოფილიყო შოვში, მეწყრულ პროცესს მყისიერად ვერ შეაჩერებდნენ და შედეგიც იგივე იქნებოდა. 

„როგორც  გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების და გაძლიერების კუთხით - მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიურ საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რა [გაფრთხილების] სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არის. ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, ამაზე არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მოისმინეთ, მიმდინარე მოვლენებთან და შოვის კონკრეტულ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, რომ აქ რა გაფრთხილების სისტემაც არ უნდა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად მეწყრულ პროცესებს, რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, 2014 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში, ფაქტობრივად,  სრულად იყო მოშლილი ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები და გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტი იყო.

„ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ და დავამონტაჟეთ ქვეყანაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ წყლის მატებას, ასევე გვაქვს მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც გვაწვდის ამინდის შესახებ ინფორმაციას. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვჭვრიტოთ, გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს რეაგირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ათასობით მდინარეა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად - გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ შოვში, მაგალითად, ასეთი ანალიზის შესაბამისად, ამ ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით,  შეძენილია და საქართველოში ფუნქციონირებს სამი თანამედროვე  რადარი, რისთვისაც ათეულობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარებულია ბუნებრივი საფრთხეების კვლევები, რომლის საფუძველზეც არის გაკეთებული რუკები.

„არაერთი სპეციალისტის, წამყვანი გეოლოგების  მიერ გაკეთდა განცხადებები კონკრეტულად შოვის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით, მაგრამ ქვეყანამ, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ და ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები