შეიძლება ითქვას, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, იკვეთება ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მოკვლევის შედეგების შესახებ ვრცელ დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც:
„2020-2023 წლების პორტლანდცემენტის იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ პორტლანდცემენტის გაყიდვებში ადგილობრივი წარმოების წილი სტაბილურად მაღალია და 90-95%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი წარმოების პროდუქტია მიმოქცევაში, ეს უკანასკნელი შესაძლოა, დამზადდეს როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული კლინკერისგან. შესაბამისად,
ადგილობრივი წარმოების ცემენტის გაყიდვები, როგორც ცალკე აღებული მაჩვენებელი, შესაძლოა, ყოველთვის ზუსტად არ ასახავდეს კონტექსტს.
ადგილობრივი ინდუსტრიისა და იმპორტირებული პროდუქტის ფასების შედარების საფუძველზე კი იკვეთება, რომ 2019-2021 წლებში, იმპორტირებული პორტლანდცემენტის საინვოისო ღირებულება მხოლოდ 5-10 %-ით დაბალია ადგილობრივი წარმოების ცემენტის საბოლოო ფასზე. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ცემენტის ფასის პარალელურად ადგილობრივი წარმოების პროდუქტის საშუალო ღირებულება ამ პერიოდში არ შემცირებულა. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ 2020-2023 წლებში ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქტის ფასი ზრდადია, იმპორტს (მით უფრო მისი მოცულობის გათვალისწინებით) ადგილობრივი ინდუსტრიის ფასებზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია.
ცალკე უნდა გამოიყოს ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების შედარება იმპორტის ფასებთან და მშენებლობის ღირებულების ინდექსთან.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ პროდუქტზე ფასები იზრდება იმ პირობებშიც, როდესაც მშენებლობის ღირებულება (ინდექსირებული 2010 წლის ფასების მიმართ)გარკვეულწილად მცირდებოდა კიდეც.
ადგილობრივ ინდუსტრიაზე არსებული გავლენების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიების საქმიანობაში არსებითად უარყოფითი ტენდენცია წინა წლის მაჩვენებელთან
შედარებით არ იკვეთება.
შეიძლება ითქვას, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, იკვეთება ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება“, - წერია მოკვლევის დასკვნაში.