ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გამართული EU-CA (ევროკავშირი-ცენტრალური აზია) პირველ სამიტზე ევროკავშირთან ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც Euronews-ი იტყობინება, სამიტზე ორი მთავარი გზავნილი გამოიკვეთა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირისთვის ჰქონდათ.
ერთ-ერთი ასეთი გზავნილი იყო იმის დემონსტრირება, რომ რეგიონმა სტაბილურობას, მეზობლებს შორის კარგ ურთიერთობასა და სამომავლო განვითარებისადმი ჰარმონიულ დამოკიდებულებას მიაღწია. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმაც, ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთ ბლოკად მოიხსენია, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო დიდ წონას აძლევთ.
სამიტზე გამოიკვეთა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკა, ყაზახეთი მუშაობს, რომელიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - ბლოკში ნავთობისა და გაზის იმპორტის 13% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. თავის მხრივ, ყაზახეთში უცხოური ინვესტიციების 43%-ზე კი ევროკავშირია პასუხისმგებელი.
Euronews-თან საუბარში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამარყანდში გამართული სამიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის იყო შესაძლებლობა, ევროკავშირისთვის ეჩვენებინათ, რომ ევროპასთან სტრატეგიული ურთიერთობისთვის თანაბარი კონტრიბუციის გაწევა შეუძლიათ.
"ჩვენთვის [სამიტიდან] მთავარი დასკვნა ისაა, რომ ცენტრალური აზია ახლა ერთიანად აღიქმება. ჩვენი რეგიონი ხიდია ჩინეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის და, ამავდროულად, აუცილებელი მასალების საიმედო მიმწოდებელია", - განაცხადა სერიკ ჟუმანგარინმა.
მეორე გზავნილი, რომელიც EU-CA სამიტზე აქტიურად გაჟღერდა, ისაა, რომ ცენტრალური აზიის ლიდერები მზად არიან ევროპელი ლიდერების მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის ნებისმიერი შესაძლებლობის მისაღებად.




























