სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზია „წერტი", რომელიც უკვე ოთხი ობიექტითაა წარმოდგენილი და როგორც სარეალიზაციო, ისე საწარმოო სივრცეებს მართავს, 2024 წელს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე კიდევ ორ ახალ ობიექტს გახსნის. ამის შესახებ BMG-ის "წერტის" თანადამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა განუცხადა, მაგრამ ინვესტიციის ოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, პირველ ეტაპზე მჭიდროდ დასახლებული უბნები მოიცვან.
"ამ ეტაპზე ისევ თბილისის მასშტაბით ვფართოვდებით, რეგიონებში გასვლას ჯერ არ ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია შედარებით მაღალი საფასო სეგმენტისთვისაა გათვლილი, შესაბამისად, ისეთ ადგილებს ვარჩევთ, სადაც შედარებით მაღალ გადამხდელუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს", - ამბობს ბიძინა გონაშვილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოება გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, რადგან ქართველი მომხმარებლის მხრიდან ნატურალური, ქართული პროდუქტის მიმართ ცნობადობა სულ უფრო მზარდია.
"2023 წელი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა გვქონდა, გავიზარდეთ, ბევრი ახალი და საინტერესო კადრი შევიძინეთ. რაც შეეხება მომხმარებელს, თუ ოთხი წლის წინანდელ და დღევანდელ ქართველ მომხმარებელს შევადარებთ, საგრძნობლად გაზრდილია ცნობიერება და ნებისმიერი პროდუქტის მიმართ ცოდნაც, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს", - აცხადებს ბიძინა გონაშვილი.
"წერტი" ამჟამად 130 ადამიანს ასაქმებს.