„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უვიცობას და დიდი გზა გაეხსნას განათლებას,“ - ასე უპასუხა სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და “მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.
„წერტილთან“ ინტერვიუში შალვა ხეცურიანმა მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ განათლების დეფიციტზეც ისაუბრა. ამასთან, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში რთველის სუბსიდირება „სოციალური პროექტია“ და მას წერტილი მხოლოდ და მხოლოდ განათლებით დაესმება.
„რა უნდა გააკეთოს საქართველოში ფერმერმა, რომელსაც აქვს ვენახები? - ორი გზაა: ყურძნის ღვინოში მონეტიზაცია ანუ ღვინის წარმოება, რასაც განათლება სჭირდება, რისი დიდი დეფიციტი გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ, ამიტომ ვცდილობთ, ფონს გავიდეთ იმით, რომ თურმე ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ქვევრში ღვინოს და ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება და ა.შ., რაც არ მიმაჩნია სწორად. პირიქით, სწორედ წინაპრების წინაშე პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ღვინო იყოს არაჩვეულებრივი; „ასე კეთდებოდა და რაც გამოვა, ის გამოვა“ - ამიტომაც ხშირად ვხედავთ დაავადებულ ღვინოს, არ შეიძლება ასეთი მიდგომა“, - ამბობს სომელიე.
რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - „ღვინო არის ჩვენი ისტორიული შანსი“ - ასე უპასუხა სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა „წერტილის“ წამყვანის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას.
შალვა ხეცურიანის აზრით, მნიშვნელოვანია ვენახების კლასიფიცირება და სწორედ კლასიფიცირებულ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან წარმოებული ღვინო უნდა იყოს ქვეყნის სახე.
„ღვინო არ უნდა აღვიქვათ როგორც მხოლოდ გასტრონომიული პროდუქტი; კი ბატონო, შეიძლება, ვაწარმოოთ სახლის ღვინო; შეიძლება, გავყიდოთ 1.5-დოლარიანი ღვინო, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ; არ შეიძლება, სახლის მარტივი ღვინო იყოს ქვეყნის სახე. ქვეყნის სახე უნდა იყოს კლასიფიცირებული ვენახებიდან შექმნილი მნიშვნელოვანი ღვინოები.
ტურიზმს საქართველოს ეკონომიკისთვის 10-ჯერ მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ღვინის ექსპორტს, მაგრამ ტურიზმშიც ღვინო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ჩვენი წილი შეიძლება რამდენიმე მილიარდი გახდეს, თუ ვენახების კლასიფიკაციას მოვახდენთ და მარკეტინგულ აქტივობებს გავაგრძელებთ; მე პირადად, აშშ-ის ბაზრის დიდი იმედი მაქვს“, - ამბობს სომელიე.