მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო კომპანია Smartmatic-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცესკო
20.08.24 18:12
808

ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის მომწოდებელ კომმპანია Smartmatic-თან დაკავშირებით, რომლის რამდენიმე აღმასრულებელსაც აშშ-მა ფილიპინების არჩევნებში სავარაუდო ქრთამის გაცემის ფაქტის გამო ბრალი წარუდგინა. ცესკო აცხადებს, რომ აღნიშნულ მოვლენას საქართველოსთან არავითარი შემხებლობა არ აქვს და ხორციელდება აღნიშნული ფაქტის მანიპულაციურად გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საარჩევნო კომისიის დისკრეტიდაციის მიზნით.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად.

საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, „სმარტმატიკის“ ინფორმაციით დავა მიმდინარეობს არა კომპანიის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ეტაპზე გათავისუფლებული არიან „სმარტმატიკიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალის ადრესატებს არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არ ჰქონიათ, შეინიშნება ამ თემით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა. ამდენად ფაქტი, რომელზეც საუბარია მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ვერანაირად ვერ აისახება საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აპარატების გამართულ მუშაობას და მის მიმართ სანდოობას.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ,,Pro V&V"-მ ჩაატარა არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი და დაადგინა, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულია კენჭისყრის ყველა ეტაპის გადამოწმება და აუდიტირება, რადგან ყველა ეტაპზე არის ქაღალდის კვალი, ე.წ. „Paper Trail“. ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ დავა, რომელზეც საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში, არის მიმდინარე და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ეს არის გავრცელებულ ინფორმაციაში ხსენებული კონკრეტული პირებისა და კონკრეტული ქვეყნის შემთხვევა და ის გავლენას ვერ მოახდენს ჩასატარებელ არჩევნებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

არჩევნების მთლიანობის დაცვა მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გზით აუცილებელია დემოკრატიული სისტემების სიჯანსაღისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამდენად, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანეს პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები