ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ეჭვები, რომელიც არსებობს უნდა გაქარწყლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება ქვეყანას დიდ ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, ცესკომ უნდა უპასუხოს კითხვას, რაზეც ამ დრომდე განმარტება არ გაკეთებულა, თუ რამდენად იყო ყველა ის ამომრჩეველი უბანზე მისული, ვისი ხმას დაფიქსირებულია. თემაზე მან "საქმის კურსში" სტუმრობისას ისაუბრა.
გიორგი ქობულიას შეფასებით, არსებობს ეჭვი, რომ უბნებზე ხმის მიცემა სხვისი პირადი ნომრების მეშვეობით ხდებოდა, რის საწინააღმდეგოდაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა იქნას წარდგენილი.
“კითხვა ასეთია - ოფიციალური სტატისტიკით, მთელი რიგი რეგიონებია, სადაც ხმის მიმცემი მოსახლეობის რაოდენობა, ბევრად ნაკლებია ვიდრე მიცემული ხმები რაოდენობა. ამაზე ცესკო პასუხობს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სიაში იყვნენ და ხმა მისცეს. ამაში ვეთანხმებით, კითხვა არ არის, ის ადამიანები ვინც ამ რეგიონებში ხმა მისცეს, სადაც მოსახლეობაზე მეტი ხმაა მიცემული ისინი იმ რეგიონის სიებში არიან, იქ არიან დარეგისტრირებულები. თუმცა იყვნენ თუ არა იქ - ეს არის საკითხავი.
რაშიც ეჭვი მეპარება, რაზეც ცესკოს ხელმძღვანელმა აუცილებლად მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბრალდებაა, რაზეც პასუხი არ არის. მაგალითად ცაგერის მუნიციპალიტეტში ხმის მიმცემი ადამიანების რაოდენობა საქსტატის მიხედვით არის 5 152, მიცემულ ხმათა რაოდენობა 6 852. თურმე ცაგერში 5 000 კაცი ცხოვრობს, რომლებმაც ხმა მისცეს და ადგილზე კიდევ 2000 კაცი ჩავიდა და ხმა მისცა. ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ამას პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ასეთი ტიპის ფაქტები გაყალბების ეჭვს აჩენს, რომლის მექანიზმი არის ის, რომ თქვენ მიდიხართ და სხვადასხვა ადამიანის პირადი ნომრის მიხედვით რამდენიმე უბანზე აძლევთ ხმას. თუ ცესკომ ამ კითხვას უპასუხებს, ამით ძალიან დიდ ეჭვებს გასცემს პასუხს. ასეთი ტიპის გაყალბებაში, როცა მე და თქვენ მივდივართ და რამდენიმე ადამიანის მაგივრად ვაძლევთ ხმას, ჩვენმა ოპოზიციამ ვერ იმარჯვა, ვერ გაერკვა, უბნების გახსნა და ბიულეტენების თუ ქვითრების გადათვლა ამ დარღვევას ვერ გამოავლენს”, - ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არ აღიარებენ. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მაგალითად, რეგიონებში რეგისტრირებულ მოსახლეობასა და მიცემულ ხმებს შორის განსხვავებები მოჰყავთ.