საქართველოს ეკონომიკისთვის $6 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია უზარმაზარი თანხაა - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია არაბული EMAAR ჯგუფის მიერ საქართველოში დაანონსებული გეგმების შეფასებისას აცხადებს.
როგორც ქობულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ის ვერ შეაფასებს, რამდენად რეალურად განხორციელდება მსგავსი მსხვილი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში. თუმცა მისი თქმით, ამ მოცულობის ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, აქცენტი უძრავი ქონების მსხვილ კომერციულ პროექტებზე გაკეთდეს.
„თუ ამ მემორანდუმს ინვესტორმა ხელი მოაწერა, ალბათ ის ითავისებს საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მზადაა ეს ინვესტიცია განახორციელოს. მე ვერ ვიმსჯელებ იმაზე, რამდენად რეალურია ეს მემორანდუმი და რა დათქმებია იქ ჩადებული. თუ ასეთ განცხადებას პრემიერ-მინისტრი აკეთებს, ვფიქრობ, ამის უკან რაღაც უნდა იდგეს.
$6 მილიარდი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც უცხოური ინვესტიცია, უზარმაზარი თანხაა. ასეთი ინვესტიცია საქართველოში არასდროს არ განხორციელებულა. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უცხოელების მიერ განხორციელდა, ეს BP-ის მიერ გაზსადენის და ნავთობსადენის მშენებლობა იყო, რომელიც წლების წინ დასრულდა.
რომ წარმოვიდგინოთ რამხელა თანხაზეა ლაპარაკი, რამდენიმე ციფრი შეგვიძლია მოვიყვანოთ. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 3 მლნ კვადრატული მეტრი უძრავი ქონებაა იყიდება, საუბარი მაქვს საცხოვრებელ ბინებზე, აქედან ნახევარი მლნ კვადრატულ მეტრი ახალი მშენებლობაა. 6 მლრდ დოლარად 30 მლნ კვადრატული მეტრის აშენებაა შესაძლებელი, ანუ ეს 60-ჯერ მეტია, ვიდრე დღეს ახალი მშენებლობები იყიდება. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ამ მასშტაბის არაა, რომ ამხელა თანხა აითვისოს. თუ ეს არ იქნება ჩადებული ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ კომერციულ პროექტებში, როგორიცაა სასტუმროების მშენებლობა, დიდი კომპლექსების მშენებლობა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.