მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსიის მომზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - პრემიერის ანგარიში

რეფორმა

პრემიერის ანგარიშის მიხედვით, წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსიის მომზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ანგარიშში არ არის აღნიშნული რა ეტაპზეა წიაღის რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას მოიცავს და ფაქტობრივად, წიაღის დარგის განვითარების სტრატეგიის გაწერის დროს - 2017 წლიდან დაიწყო.

„სამთო-მოპოვებითი სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით, UNDP-სთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსიის მომზადების პროცესი“, - ეს არის ის, რაც დარგის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში წიაღით სარგებლობაზე ლიცენზია 521 ობიექტზე გაიცა, ხოლო ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 75 197 861 ლარი.

„გაცემული ლიცენზიების ფარგლებში, მოსალოდნელია 2605 ადამიანის დასაქმება, ხოლო გამართული აუქციონების შედეგად მოსალოდნელი საინვესტიციო ვალდებულებების ჯამური ოდენობა შეადგენს 25 მილიონ ლარს. დამატებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, სალიცენზიო პირობების კონტროლის კუთხით შემოწმდა წიაღით სარგებლობის 347 ობიექტი“, - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.

ცნობისთვის: სახელმწიფომ წიაღის დარგის განვითარება პრიორიტეტად, დაახლოებით, 2017 წლიდან დაისახა და წიაღის ეროვნული სააგენტოც დააფუძნა, რომელსაც 2022 წლიდან სახელწოდება შეეცვალა და დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელითაა. მოგვიანებით შეიქმნა წიაღის დარგის განვითარების სტრატეგიაც, რომელსაც წიაღის რეფორმაზე მუშაობა მოჰყვა. რეფორმის პირველი ფაზა 2019 წელს დასრულდა, ხოლო მეორე ფაზაზე მუშაობა, დღესაც მიმდინარეობს. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკით დარგის რეფორმირების მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში წიაღის სექტორის წვლილის გაზრდა, ინვესტორთა რისკის შემცირება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა.

2023 წელს ქვეყნის ეკონომიკაში მხოლოდ სამთომოპოვებითი საქმიანობის წილი 0.9%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.1% იყო. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სამთომოპოვებითი საქმიანობა, წიაღის დარგის მხოლოდ ნაწილია, რადგან ამ დარგს მიეკუთვნება მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავებაც და მინეარალური წყლების მოპოვებაც.

2016 წლიდან სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ბიზნესში ყოველწლიურად ჩადებული უცხოური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ დოლარამდე იყო, ხოლო ქვეყნის ისტორიაში ამ მიმართულებით ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია 2020 წელს შემოვიდა, რა დროსაც სამთომოპოვებით მრეწველობაში 98 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. პირველი პანდემიური წლის შემდეგ, ბოლო სამი წელია ეკონომიკის ამ სექტორში ჩადებული FDI-ის მოცულობა მცირეა. გასულ წელს ჯამში სამთომოპოვებით საქმიანობაში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები