„UNDP-ის მხარდაჭერით წიაღის კოდექსის ახალი სამუშაო ვერსიის მომზადება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.
BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა კოდექსზე მუშაობა და ასევე, რაში გამოიხატება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)კონტრიბუცია.
როგორც გავარკვიეთ, წიაღის კოდექსის რეფორმა ერთ-ერთია იმ რეფორმებს შორის, რომელსაც UNDP-ი მმართველობის რეფორმის ფონდი უჭერს მხარს. ჯამში, საუბარია 30 000 დოლარზე, რომლითაც მინერალური რესურსების სააგენტომ ორი ადგილობრივი და ერთი უცხოელი ექსპერტი დაიქირავა.
როგორც მინერალური რესურსების სააგენტოდან მოგვწერეს, ექსპერტებმა მუშაობა სექტემბერში დაიწყეს.
„ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში, სააგენტოს ფარგლებში ფორმირებულ სამუშაო ჯგუფსა და ექსპერტების შორის აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები კოდექსით გათვალისწინებულ ძირეულ საკითხებზე და შეჯერებული პოზიციების გათვალისწინებით წიაღის კოდექსის ახალი სამუშაო ვერსიის მომზადება.
ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაგეგმილია კონსულტაციების გამართვა წიაღის სექტორის მაკოორდინირებელი უწყებათშორისი საბჭოს წევრებთან და მათი შენიშვნების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბოლოს კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა კერძო სექტორთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან“, - მოგვწერეს სააგენტოდან.
წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, 2019 წელს დასრულდა. 2020 წელს კი, მეორე ფაზის დაწყება დაანონსდა, რომელიც წიაღის ახალი კოდექსის მომზადებას გულისხმობს. კერძოდ, უნდა მომზადდეს რეგულირების გავლენის შეფასება ე.წ. RIA და აგრეთვე, კანონმდებლობაში ბიზნესის მოსაზრებები და შეფასებები უნდა აისახოს.
რეფორმები, რომელთა გატარება წიაღის სექტორის საინვესტიციო მიმზდიველობას გაზრდის
„ინვესტორები წიაღის სექტორში ახალი იურისდიქციის მოლოდინში არიან“ - ინტერვიუ მაია ზავრაშვილთნა