საქართველოში პირველი ონლაინ კონცეფციის საკონდიტრო “ჩიზქეიქერი”, რომელიც 2019 წელს გაიხსნა, კორპორატიულ და საცალო გაყიდვებთან ერთად, ამერიკული სტილის დესერტის ინდუსტრიულ წარმოებას იწყებს. კომპანიის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ BM.GE-ს მისი დამფუძნებელი, ვეკო დოდაშვილი ესაუბრა.
“ჩვენი ონლაინ კონცეფცია საქართველოში პირველი იყო. პანდემიის შემდეგ უფრო გააქტიურდა სახლში მიტანის სერვისები, თუმცა ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საკონდიტრო, რომელმაც საკურიერო მომსახურება შევთავაზეთ მომხმარებლებს. განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში, როცა შეზღუდვების გამო ხალხს გადაადგილება უჭირდა, ჩვენ დიდ მასშტაბებს მივაღწიეთ და უფრო პოპულარულებიც გავხდით.
პანდემიის შემდგომ კონცეფციის გადაწყობა გადავწყვიტეთ, ვცადეთ მაღაზიის დამატებაც და მომხმარებლებს ადგილზე ყიდვის შესაძლებლობაც მივეცით”, - ამბობს “ჩიზქეიქერის” დამფუძნებელი.
დოდაშვილი საქართველოში ჩიზქეიქეის პოპულარობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენთან დესერტი არატრადიციული სახით იყო დამკვიდრებული.
“პირველები ვიყავით, ვინც სხვადასხვა ტიპის, ნამდვილი ჩიზქეიქი შესთავაზა მომხმარებელს. მანამდე სხვანაირი წარმოდგენა იყო და დღემდე არის საზოგადოებაში - ჩიზქეიქი ხაჭოს დესერტი ჰგონიათ. ამ დროს ის კრემყველით მზადდება და აბსოლუტურად განსხვავებული გემო და ტექსტურა აქვს.
რაც შეეხება მოთხოვნას, ძალიან მაღალია, თავიდანვე ძალიან პოპულარული იყო და ერთგული მომხმარებელიც გვყავს. განსაკუთრებით პოპულარულია კლასიკური ჩიზქეიქეი, მარილიანი კარამელის ჩიზქეიქი, კლასიკური ჩიზქეიქი მოცვით, ჩვენი ტრადიციული იტალიური რეცეპტით დამზადებული ტირამისუ და შუები”, - ამბობს დოდაშვილი.
“ჩიზქეიქერის” პროდუქცია გარდა მათი საკონდიტროსა, HORECA სექტორის სხვადასხვა ობიექტებშიც იყიდება. როგორც დოდაშვილი აღნიშნავს, ამ მიმართულებით კომპანიამ გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, გაზარდა: “საცალო გაყიდვები სტაბილურია, ერთგული მომხმარებლები გვყავს და ზრდა მასშტაბური არ არის. კორპორატიული გაყიდვები კი გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით და უკვე შეიძლება, ძალიან ბევრ დაწესებულებაში შეხვდეთ ჩვენს პროდუქციას”.
რაც შეეხება ნედლეულს, რომლითაც “ჩიზქეიქერის” საკონდიტრო პროდუქცია იწარმოება, დოდაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის მოთხოვნის გამო კრემყველი უცხოეთიდანაა იმპორტირებული, პროდუქტის ნაწილი კი ქართული ბაზრიდან მოდის: “დანარჩენი ნედლეული, ყველაფერი, მათ შორის ცოცხალი ხილი, ქართული წარმოებაა, რათა ხელი შევუწყოთ მას და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ნედლეულის 90% ადგილობრივი წარმოების იყოს”.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას “ჩიზქეიქერის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია ჩიზქეიქების ინდუსტრიულ წარმოებას იწყებს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ინდუსტრიულ წარმოებას ვიწყებთ, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიური და კორპორატიული გაყიდვებისთვის წარმოებულ პროდუქციას მასშტაბური წარმოება ემატება, რომ პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის საცალო გაყიდვების მაღაზიებშიც. გვინდა, რომ საუკეთესო შედეგები დავდოთ და ქარხნის მოწყობაც და წარმოების საჭირო პროცესები უკვე მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ ძირითად ნაწილს.
ქართულ ბაზარზე ეს უნიკალური პროექტი იქნება, რადგან მსგავსი პროდუქტის მასშტაბური წარმოება მანამდე არ მომხდარა და იმედი გვაქვს, დიდი დაინტერესება იქნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მეზობელ ქვეყნებშიც”, - აღნიშნავს ვეკო დოდაშვილი და დასძენს, რომ კომპანია რებრენდინგზეც მუშაობს.
“ჩიქზქეიქერი” 20 დასახლების დესერტს აწარმოებს, რომელთა ღირებულებაც 3-დან 13-ლარამდე მერყეობს. კომპანია, სეზონურობის მიხედვით, 8-12 თანამშრომელს ასაქმებს.