მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა მარშრუტი დააგრძელა, საკონტეინერო გადაზიდვები კი გააძვირა - ქართველი გადამზიდავები

გადაზიდვა

წითელ ზღვაში გახშირებული თავდასხმების გამო, ევროპასა და აზიას შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა. გადამზიდავმა კომპანიებმა მარშრუტი შეიცვალეს. როგორც ქართულ გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, გადამზიდავებს ახლა უკვე სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გავლა უწევთ, რაც ტვირთის გადაზიდვის დროს, სავარაუდოდ, ერთ თვემდე გაზრდის. შესაბამისად, იზრდება ხარჯებიც.

"დაახლოებით 6000 მილით მეტის გავლა უწევთ გემებს. ეს სამხრეთ აფრიკის გზაა. გემმა, ფაქტობრივად, მთელი აფრიკა უნდა შემოიაროს. მოლოდინის დრო 3-დან 4 კვირამდე გაიზრდება. ის, რაც დაგეგმილი იყო, რომ მიმდინარე თვეში ჩამოსულიყო, ერთი თვით გადაიდება. დაახლოებით 2000 დოლარი ღირდა 40 - ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ჩინეთიდან ფოთამდე, დღეს 5000-6000 დოლარია, ველით კიდევ უფრო ზრდას. საბოლოოდ, როგორც მზა პროდუქცია, ისე ნედლეული გაძვირდება", - განაცხადა Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა.

გადამზიდავ კომპანიებში არ ელიან, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. შესაბამისად, მათ ნაწილს მიაჩნია,რომ ალტერნატიული გზა არის გამოსაყენებელი. ამ ალტერნატივას ისინი შუა დერეფანში, სარკინიგზო გზას ხედავენ.

"რატომღაც ყველამ დაივიწყა, რომ საქართველოში არსებობს რკინიგზა, აბრეშუმის გზა, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში მოდის. მას შემდეგ, რაც საზღვაო ფასი დაეცა, მომხმარებელი რკინიგზას აღარ მიმართავდა, ამჯობინებდა ზღვით ლოდინს, ვიდრე მეტი ფული გადაეხადა. დაახლოებით 20-30 პროცენტით არის ძვირი რკინიგზა, როდესაც 70%-ით იყო ძვირი. თუ ეს ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ საზღვაო გადაზიდვები კიდევ გაძვირდება. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი რჩება: საჰაერო, რომელიც კიდევ უფრო ძვირია და რკინიგზა. ის სატრანზიტო დროის მხრივაც უფრო მარტივია. დარწმუნებული ვარ, ეს ალტერნატივა აღდგება და რკინიგზაზე მოთხოვნა გაიზრდება", - განაცხადა ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა, გიორგი ზუმბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები