მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე, DRG მოდელი მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება - სამინისტრო

ჯანდაცვის სექტორი

საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად, 27%-დან 10% -მდე შემცირდა, - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ.

საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები, განიხილეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, საქართველოში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსურ დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა. 

"თითქმის, 10 თვეა, რაც საქართველოში, DRG მოდელი მოქმედებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წარმატებული რეფორმა. გავეცანით მონაცემთა წინასწარ ანალიზს, რაც საკმაოდ დამაიმედებელია. DRG-ის იმპლემენტაცია ეფექტიანად ხორციელდება. ვხედავთ, რომ DRG მოდელი, მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს, რაც აისახება მათი მხრიდან თანაგადახდის წილის შემცირებით, ამას გარდა DRG-ს რეფორმა აუმჯობესებს სამედიცინო დაწესებულების მართვასა და გამჭვირვალობას. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი მონაცემი შევაგროვეთ. ვფიქრობთ, პროცესების ანალიზი უნდა გაგრძელდეს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სისტემას და ამასთანავე საქართველოს შესაძლებლობას მისცემს თავისი წარმატება რეგიონის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს", - განაცხადა სილვიო დომენტემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა, DRG მოდელის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა, მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება.

bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და პრეზენტაცია მოითხოვა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ პრეზენტაცია ტექნიკურია და მხოლოდ შიდა გამოყენებისთვისაა. 

დაფინანსების DRG-მოდელი 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები