მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ტურიზმიდან $1.9 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო - ლაშა ქავთარაძე

გალტი

Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.9 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით არის გაზრდილი. მან "საქმიანი დილის" ეთერში ასევე ტურიზმის მეორე კვარტალის და 6 თვის მაჩვენებლები შეაჯამა.

“მეორე კვარტალის მონაცემებთ, საქართველოს 1.5 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წლიურად 4.6%-ით არის გაზრდილი და ეს ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტებით იყო განპირობებული. როცა საერთაშორისო ტურიზმზე ვსაუბრობთ, ამაში შედის როგორც საერთაშორისო, ისე ერთდღიანი ვიზიტები. თუ შევხედავთ ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა, რომელსაც მოჰყვება ვიზტორები რუსეთიდან და სომხეთიდან, თუმცა რუსეთიდან და სომხეთიდან წლიურ ჭრილში კლება დაფიქსირდა. გასული წლის მეოთხე კვარტალიდან მოყოლებული მოლოდინი იყო, რომ ისრაელიდან ვიზიტორები შემცირდებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და ისრაელიდან ტურისტული ვიზიტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში.

2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2.7 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 2.1 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის პირველი ნახევრის 99.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსავლებში ამის ასახვას, ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ჩვენი შეფასებით, ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ფაქტობრივად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-იანი ზრდაა”, - განახადა ლაშა ქავთარაძემ.

მისი შეფასებით, ევროკავშირიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდისთვის მეტი მუშაობაა საჭირო.

“როცა ევროკავშირიდან ვიზიტებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაკადები მზარდი იყოს, რადგან ესენი არიან მაღალხარჯველიანი ტურისტები. იყო ზოგიერთი ქვეყნიდან გარკვეული შენელებები, თუმცა ვფიქრობ, ეს ჯდება ზოგად მოცემულობაში,რაც წინა პერიოდებშიც ვლინდებოდა. თუმცა, ამ მიმართულებით სამუშაო ნამდვილად არის, რადგან ჩვენ გვჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ აღდგენაში ჩამორჩენაა სომხეთიდან. ალბათ ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ აქ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქირის ხარჯები და ამას უყურებენ სომეხი დამსვენებლებიც. შეიძლება ამას სხვა ქვეყნებიდანაც უყურებდნენ. ტურისტი ყოველთვის არჩევს ქვეყანას, სადაც ხელმისაწვდომია დასვენება. კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით საკმაოდ არის გაზრდილი, ჩვენთან ქირის ფასები საკმაოდ მაღალია და ეს შესაძლოა გავლენას ახდენდეს ადამიანის სამოგზაურო გადაწყვეტილებებზე”, - თქვა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები