ნახევარგამტარების გლობალურმა ლიდერმა, TSMC-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა მოგება 58%-ით გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, მოგებამ $17.65 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგს. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეოთხე კვარტალია, როდესაც კომპანია რეკორდულ მოგებას აფიქსირებს, რაც ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე არსებული უპრეცედენტო მოთხოვნით არის განპირობებული.
კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $35 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-იან ზრდას წარმოადგენს. TSMC-ის აღმასრულებელი დირექტორის, სისი ვეის განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოთხოვნა უკიდურესად სტაბილურია და მრავალწლიანი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.
მზარდი მოთხოვნის ფონზე, TSMC წარმოების გაფართოებას გეგმავს და ტაივანში, ქალაქ ტაინანში, ახალი ქარხნის მშენებლობას აანონსებს. კომპანიის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტალში შემოსავლები $39 მილიარდიდან $40.2 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო მთლიანი წლიური ზრდა 30%-ს გადააჭარბებს. ამ მიზნით, კომპანიამ კაპიტალური დანახარჯების გეგმა მაქსიმალურ ნიშნულამდე, $56 მილიარდამდე გაზარდა.
ამასთან, TSMC-ის მენეჯმენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისგან მომდინარე რისკებსაც აფასებს. მიუხედავად ენერგომატარებლებისა და ისეთი კრიტიკული მასალების მიწოდების შეფერხების საფრთხისა, როგორიცაა ჰელიუმი და წყალბადი, კომპანიაში აცხადებენ, რომ ოპერაციული შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. ოფიციალური ტაიბეის ინფორმაციით, კომპანიას ნედლეულის შესყიდვის დივერსიფიცირებული წყაროები და უსაფრთხოების მიზნით შექმნილი საკმარისი მარაგები აქვს.
ცნობისთვის, TSMC აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ჩიპებს ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა Apple-ი და Nvidia. ამ ტაივანური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.95 ტრილიონ დოლარს შეადგენს.




























