განათლების მეცნიერებათა დოქტორი შალვა ტაბატაძის შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზულ რისკებს უქმნის.
ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შელახვა, აკადემიური და საგანმანათლებლო ისტორიის და ტრადიციის უგულებელყოფა, საუნივერსიტეტო იდენტობის დაკარგვის საფრთხე, „მონსტრი უნივერსიტეტის“ შექმნა და სისტემური დისბალანსი, კონკურენციის გაქრობა და ხარისხის დინამიკის შესუსტება, სტუ-ს ფაქტობრივი შთანთქმა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ხარისხი და აკრედიტაცია, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაურკვევლობა - განათლების ექსპერტი ამ 7 მთავარ რისკს ასახელებს და განმარტავს:
"თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება უფრო პოლიტიკურ-სტრუქტურულ-ფინანსური გადაწყვეტილებაა და ნაკლებად საგანმანათლებლო რეფორმა, ამიტომაც სერიოზულ რისკებს ქმნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის, კერძოდ:
- ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შელახვა - გადაწყვეტილების მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე მიღება მიუთითებს, რომ პროცესი იმართება ძალაუფლებრივი, ფინანსური და ბიზნეს ლოგიკით და არა საგანმანათლებლო პრინციპებით, რაც ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ავტონომიის ფუნდამენტს და საგანმანათლებლო რეფორმების მიზნებს. აკადემიური საზოგადოების ჩართულობის არარსებობა, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და უმაღლესი განათლების პროფესიონალების რეალური მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, ვერ ასახავს სისტემის რეალურ საჭიროებებს.
- აკადემიური და საგანმანათლებლო ისტორიის და ტრადიციის უგულებელყოფა, საუნივერსიტეტო იდენტობის დაკარგვის საფრთხე (ორივე უნივერსიტეტისთვის) - უნივერსიტეტი ყალიბდება ათწლეულებით აკადემიური სკოლების, დისციპლინური პროფილებისა და კვლევითი ტრადიციების მეშვეობით. ამ შემთხვევაშიც სწორედ ასეთ საგანმანათლებლო ისტორიასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ ინსტიტუციებთან გვაქვს საქმე. ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს საინჟინრო, ტექნოლოგიური და გამოყენებითი ცოდნის ეკოსისტემას, თსუ უფრო კლასიკური უნივერსიტეტის მოდელს. ამ განსხვავებული ისტორიისა და ტრადიციის იგნორირება ასუსტებს ინსტიტუციურ მეხსიერებას და აკადემიურ უწყვეტობას. უნივერსიტეტის იდენტობა განსაზღვრავს კონკრეტულ საუნივერსიტეტო მისიას, რეპუტაციას, ცოდნის წარმოების ლოგიკას, პრიორიტეტებს, მმართველობით მიდგომებს სწავლებისა და კვლევისადმი, სოციალურ პასუხისმგებლობას, რესურსების გადანაწილებას და ა.შ. გაერთიანების პირობებში რეალურია რისკი, რომ ორივე უნივერსიტეტმა დაკარგოს საკუთარი იდენტობა და იქცეს გარკვეულ ჰიბრიდად, რომელიც ორივეს დაასუსტებს. მეტი რისკი არსებობს, რომ ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებები დაიჩრდილოს ფართო აკადემიურ სტრუქტურაში და დაკარგოს სპეციფიკური გამოყენებითი ღირებულება, შესაბამისი რეპუტაცია, დაკნინდეს მისი მისია, საუნივერსიტეტო პრიორიტეტები ნაკლებად პასუხობდეს საინჟინრო, ტექნიკური და გამოყენებითი ცოდნის ეკოსისტემას, ხოლო თსუმ დაკარგოს კლასიკური უნივერსიტეტის მკაფიო პროფილი და უფრო ჰიბრიდულ იდენტობად ჩამოყალიბდეს, რაც მნიშვნელოვან პრობლემაა ისტორიულად ფორმირებული რეპუტაციის, თუ ზოგადად იდენტობის თვალსაზრისით.
- „მონსტრი უნივერსიტეტის“ შექმნა და სისტემური დისბალანსი - ერთ ინსტიტუციაში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის უკიდურესი კონცენტრაცია (თბილისში არსებული საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტთა რაოდენობის დაახლოებით 80% და ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა დაახლოებით 60%, ხოლო არაპროფილური კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა 40%-ზე მეტი) ქმნის მონოპოლიას საჯარო და ზოგადად უმაღლეს განათლებაში, ზრდის ბიუროკრატიზაციას, ართულებს მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ვერ რეაგირებს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის სწრაფ და გადაუდებელ საჭიროებებზე და ამცირებს ინსტიტუციურ მრავალფეროვნებას. ასეთი „მონსტრი უნივერსიტეტი“ ბუნებრივად ქმნის პოლიტიკური კონტროლის ცდუნებას და ზრდის აკადემიური სივრცის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას. ასეთი მოდელი არსად არ მუშაობს, არსებობენ დიდი უნივერსიტეტები, თუმცა ასეთი ხვედრით წილით და მსგავსი კონცენტრაციით არა. არსებული მოდელები ეფუძნება უნივერსიტეტთა დაბალანსებულობას, კონკურენციას, რეგიონალურ გადანაწილებას, ინსტიტუციურ პლურალიზმს. ამ ტიპის კონცენტრაცია უამრავ პოტენციურ პრობლემას და რისკს ქმნის.
- კონკურენციის გაქრობა და ხარისხის დინამიკის შესუსტება - თსუ-სა და სტუ-ს შორის არსებული კონკურენცია, მათ შორის ამ უნივერსიტეტებისთვის „არატიპურ“ პროგრამებში (იურიდიული/სოციალური მეცნიერებები სტუ-ში, კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონული ინჟინერია თსუ-ში) არის ხარისხის განვითარების და ინოვაციურობის, მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მოზიდვის მამოძრავებელი. გაერთიანება ამ კონკურენციას შიდა მიკრომენეჯმენტად აქცევს და დაასუსტებს განვითარებასა და ინოვაციას. რა თქმა უნდა გარკვეული პლიუსებიც აქვს რესურსების ოპტიმიზაციის თუ არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა ეს ფორმალური გაერთიანების მიღმაც მიღწევადია და ამის პრაქტიკული გამოცდილებაც არსებობს.
- სტუ-ს ფაქტობრივი შთანთქმა - პროცესი უფრო ჰგავს ტექნიკური უნივერსიტეტის შთანთქმას, ვიდრე თანასწორ გაერთიანებას, რაც ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან გამომდინარე პრობლემურია და ასევე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს მთავრობის წევრთა უშუალო რიტორიკიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და ტექნიკური პროფილის მქონე სხვა უნივერსიტეტის ლობირებასთან დაკავშირებით.
- საერთაშორისო თანამშრომლობა, ხარისხი და აკრედიტაცია - განსაკუთრებით საინჟინრო პროგრამების დისციპლინური აკრედიტაციები და საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება დაირღვეს, რაც პირდაპირ აისახება ნდობასა და ხარისხზე (მაგალითად, ABET აკრედიტებული პროგრამები).
- ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაურკვევლობა - სრული გაურკვევლობა და დამორჩილების რისკი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად გაცხადდა, რომ აკადემიური პერსონალი არ შემცირდება), თუმცა ეს დროის და დინამიკის საკითხი იქნება. რა თქმა უნდა, იგივე დაპირება ვერ გაჟღერდა მმართველობით და ადმინისტრაციულ რგოლებზე.
ეს მოკლევადიან, ხელისგულზე მყოფი პოტენციური პრობლემების შესახებ. გრძელვადიან ჩანაფიქრსა და შედეგებზე და უფრო კონკრეტულ რისკფაქტორებზე მხოლოდ ორ წინადადებიანი ზეპირი განცხადების საფუძველზე მსჯელობა რთულია და მიზანშეუწონელიც", - წერს შალვა ტაბატაძე Facebook-ზე.




























