მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ბუნებრივი გაზის ბაზარზე - რა ვალდებულების შესრულება მოუწევს სახელმწიფოს?

გაზი

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. შედეგად, უნდა გაიხსნას ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟა, გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები კი უნდა განცალკევდნენ. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ.

“ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ზუსტად ანალოგიური ვალდებულებები გვაქვს, როგორც ელექტროენერგიის სექტორის შემთხვევაში. კერძოდ, ბუნებრივი გაზის სექტორში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, რომლებიც ემსახურებიან 100 000 მომხმარებელზე მეტს, აქვთ ვალდებულება, რომ განცალკევდნენ სამართლებრივად და ფუნქციურად. რა გზაც გაიარეს „თელასმა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. ანალოგიური პროცესი უნდა გაიარონ ამ კომპანიებმა.

გარდა ამისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის შემთხვევაში, ზუსტად იგივე ვალდებულება გვაქვს, რაც აქვს სახელმწიფო ელექტროსისტემას. კერძოდ, უნდა მოხდეს ქონებრივი განცალკევება. ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება, რომ ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, ასევე ისეთ კომპანიას, რომელიც დაკავებულია ენერგეტიკაში კონკურენტული საქმიანობით“, - აცხადებს საქართველოში Energy Community-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.

მთავრობა გეგმავს, რომ ელექტროენერგიისა და გაზის ბირჟა ერთდროულად, შერწყმულად აამოქმედოს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება საქართველოს ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები