მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ $481 მლნ-ის ნახატების იმპორტიორმა "ოფშორების" კანონით ისარგებლა, ₾242 მლნ დაზოგა

დორა მარი კატით

2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის ამ ნახატების იმპორტიორი.

სასაქონლო კოდები იმპორტის ქვეყანა წონა კგ ღირებულება ოპერაციის განხორციელების თარიღი
97012100000 აშშ 4,699 კგ. $167,600,406 2025-01
97012100000 დიდი ბრიტანეთი 1,432 კგ. $252,703,924 2025-01
97019900000 აშშ 526 კგ. $60,354,000 2025-01
97019900000 და 97012100000 ჯამი 6,657 კგ. $480,658,330 2025-01

ოფშორების კანონი

2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის დროს დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლებულია. ამ შეღავათით სარგებლობს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში აქვს აქტივი განთავსებული. შესაბამისად, თუკი კომპანია რეგისტრირებულია კაიმანზე (ოფშორული ზონა) და აქტივს ფლობს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის კაიმანშიც, ამ აქტივის საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადაცემის დროს, ის არ გადაიხდიდა საიმპორტო გადასახდელს.

თავის მხრივ, იმპორტის გადასახდელი აერთიანებს ყველა გადასახადს, რომლებიც იმპორტის პროცედურასთან არის დაკავშირებული. შემოსავლების სამსახურის თანახმად, იმპორტის პროცედურის გადასახადებია - იმპორტის გადასახადი, აქციზი და დღგ. შესაბამისად, ამ სამივე გადასახადს ერთად ეწოდება იმპორტის გადასახდელი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმპორტის გადასახდელის კალკულატორის თანახმად, საქართველოში სასაქონლო კოდ 97012100000-ის და 97019900000-ის პროდუქტების შემოტანისას, რომელთა ღირებულებაც $480,658,330 დოლარს ანუ 1,345,843,324 ლარს შეადგენს, იმპორტის გადასახდელი არის 242,251,798 ლარი.

ციტატა ე.წ. ოფშორების კანონიდან:

"შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ უცხოური საწარმოს და მისი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით 2030 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან,"- წერია ე.წ. ოფშორების კანონში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტი 45%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ხელოვნების ნიმუშების შემოტანა იყო. აღნიშნულის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, წლიური ზრდა კი 1.8%.

ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა.

საქონლის განბაჟება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. უცნობია, მასზე დღგ-ის 18% გადაიხადეს თუ არა, რაც 86.5 მილიონ დოლარს, ანუ 242 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში გადახდილი დღგ-ის მოცულობა ზრდის ნაცვლად, პირიქით 0.9%-ით შემცირდა და 806 მილიონი ლარი შეადგინა, სავარაუდოდ, აღნიშნული საქონლის ქვეყანაში შემოტანა დღგ-ის გადახდის გარეშე განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტში შესული დღგ-ს მოცულობა უკანასკნელი რამდენიმე თვის მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბებდა, რაც არ მომხდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები