მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არ გვინდა, ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - პრეზიდენტი

64302fb600208
ინგა მურუსიძე
07.04.23 18:51
732
თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება, თუ უმაღლეს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"პირველ რიგში, ყველას მინდა მოგილოცოთ ხარების დღესასწაული და მინდა ვისურვო და ვნახო საქართველო მართლაც გახარებული და დაწყნარებული. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მიხარია. არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც იცით, ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს შევხვდი და მასაც გავუზიარე ეს ჩემი განცდები.

არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა. და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება, ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს (როგორც თვით ელჩი აზუსტებს) და თან განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად, ზიანდება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე, ვაცნობიერებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება და ვშიშობ, აშშ-ს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი.

ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა - ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება, თუ უმაღლეს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას.

ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს, არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.

მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ, მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება", - თქვა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები