ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, თუკი 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება, არაა გამორიცხული, საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.
როგორც გიორგი ქობულიამ BMG-ის განუცხადა, თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებულ კითხვებს შესაბამის პასუხებს არ გასცემს, საქართველო დასავლეთისგან სულ უფრო მეტად იქნება იზოლირებული.
„თუ არჩევნების ლეგიტიმაცია არ შედგა და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესში გაყალბებასთან დაკავშირებული კითხვები დააიგნორა, ამას კიდევ უფრო მეტი იზოლაცია მოჰყვება. საუბარია არამხოლოდ დასავლური დახმარებების შეჩერებაზე, არამედ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც ვიხილოთ, რაც ძალიან მძიმედ აისახება ჩვენ მოქალაქეებზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ევროპაში და მათი გადმორიცხვები ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. ის მწირი ინვესტიციები, რაც დასავლეთისგან გვაქვს, პრაქტიკულად შეწყდება, საფინანსო სექტორს ძალიან დიდი პრობლემები ექნება ფინანსების მოძიებაში. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე დღეები გველოდოს, თუკი ჩვენი მთავრობა არ დაამტკიცებს, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.