მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ასე გაგრძელდა, 2-3 წელში საქართველოს კვერცხის მწარმოებელი აღარ ეყოლება" - რევაზ ვაშაკიძე

ვაშაკიძე

მიმდინარე წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 5 თვეში საქართველოში თითქმის 30 მლნ ცალი კვერცხია იმპორტირებული, ჯამური ღირებულებით 3.2 მლნ დოლარი, მაშინ როცა მთლიანად 2022 წლის განმავლობაში 36.5 მლნ ცალი კვერცხი იყო შემოტანილი და იმპორტის ღირებულება 5.8 მლნ დოლარს შეადგენდა. კვერცხის იმპორტის თითქმის 99% თურქეთზე მოდის.

მეფრინველეობის სექტორში აცხადებენ, რომ საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზი თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირას გაუფასურებაა. მათივე თქმით, კვერცხი თურქეთიდან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც თურქული პროდუქციისთვის ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენციის გაწევა უჭირთ. 

კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე, BMG-თან აღნიშნავს, რომ დევალვირებული ლირის გამო, კვერცხის თვითღირებულება დაბალია, ამიტომ თურქეთს ურჩევნია კვერცხის ექსპორტი გააკეთოს. მისი თქმით, საქართველოში იმპორტი მარტივად ხდება, სწორედ ამიტომ, ბაზარი გაჯერებულია თურქული პროდუქტით.

“თურქეთში ახლა მაღალი ინფლაციაა, შესაბამისად, კვერცხის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია, ამიტომ, თურქეთს ურჩევნია ექსპორტი ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთოს, თუმცა ამას ვერ შეიტანს, მაგალითად აზერბაიჯანში, რადგან იქ მაღალი გადასახადებია. საქართველოში ყველას ყველაფერი შეუძლია შემოიტანოს და ეს ანადგურებს ჩვენი კვერცხის მწარმოებლებს. ასევე გეტყვით, რომ რუსეთშიც ასე იქნება მალე. მათაც მალე ექნებათ დევალვირებული რუბლი და მათაც ექნებათ დიდი რაოდენობით კვერცხი, შესაბამისად, ისინიც დაიწყებენ საქართველოს ბაზრის ათვისებას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ლარი, შედარებით მდგრადი ვალუტაა და გაყიდიან აქ. ეს ყველაზე კვერცხის მწარმოებლებზე უარყოფითად იმოქმედებს, შესაბამისად, ისინი დაიწყებენ დროთა განმავლობაში წარმოების შემცირებას, ეს პროცესი თუ ასეთ როლში 1 და 2 წელი გაგრძელდა, მესამე წელს ჩვენს ქვეყანას კვერცხის მწარმოებლები აღარც ეყოლება”, - აღნიშნავს რევაზ ვაშაკიძე. 

ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 161.4 მილიონი კვერცხი იწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები