მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ასე გაგრძელდა, ბაზარზე ქართული რძის მოძიება გაჭირდება“ - დარგის გამოწვევები

63eba04f7a0a3
თინათინ ნატმელაძე
19.02.23 19:36
2480
„ქართული რძის ნიშნის ასოციაციის“ წარმომადგენელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „შპს ლეანკას“ დირექტორი ქეთევან ჩალახეშაშვილი BM.GE-თან რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ფერმერებს ხელს შეუწყობს, ადგილობრივ წარმოებას შესაძლებლობა მიეცემა იმპორტირებული რძის პროდუქტი სრულად ჩაანაცვლოს.

„ნამდვილად გვაქვს იმის საშუალება და რესურსი, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქციის მოსახლეობის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, ამისთვის კი ერთი მთავარი რამ - ფერმებში ინვესტიციის ჩადებაა საჭირო. ფერმერებს საქონლის იმ დონეზე გამოკვება უნდა შეეძლოთ, რომ შემდეგ დიდი რაოდენობის რძე მიიღონ და გაყიდონ. უნდა არსებობდეს რაიმე სახის დაფინანსებები, საგრანტო პროგრამები და ა.შ. ამ ეტაპზე კი ისეთი მდგომარეობაა, რომ თუ ასე გაგრძელდა სამომავლოდ ქართული რძის მოძიება ძალიან გართულდება“, - აცხადებს ქეთევან ჩალახეშაშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოში 21 მილიონ 361 ათასი დოლარის ოდენობის იმპორტირებული რძის პროდუქტი შემოვიდა, როცა 2021 წელს ეს მონაცემი 13 მილიონ 346 ათას დოლარს შეადგენდა.

ასოციაციის წარმომადგენელი ადგილობრივი წარმოების პროცესში გამოკვეთილ სხვა გამოწვევებსაც განიხილავს და ამბობს, რომ არარეგისტრირებული საწარმოების არსებობა და საქონლის საკვების გაძვირება მათი პროდუქციის რეალიზაციას აფერხებს.

„საგრძნობლად გაიზარდა რძის ღირებულება, რაც საქონლის საკვების გაძვირებამ გამოიწვია, ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენც, რძის პროდუქტის მწარმოებლებს, ასე ჯაჭვური პრინციპით ჩვენი პროდუქტის ფასის გაზრდა მოგვიხდა.

ამ დროს პარალელურად არსებობენ არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც არანაირი გადასახადს არ იხდიან, არ უწევთ, რომ სურსათის უვნებლობის მიერ დაწესებული სტანდარტები დაიცვან და რა თქმა უნდა, მათი პროდუქტი უფრო დაბალ ფასად იყიდება. ჩვენ წარმოების პროცესში ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს, პროდუქტის ფასის დაკლება და კომპანიის მინუსში წასვლა არ შეგვიძლია, მომხმარებლი კი დაბალფასიან პროდუქტს ეძებს, ამიტომ რეალიზების პრობლემები გვაქვს.

არარეგისტრირებული საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქტი, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს მომხმარებლისთვის - არ არის შემოწმებული მისი შემადგენლობა, ვარგისიანობა, არ აქვს ეტიკეტი და ა.შ. ბევრჯერ მივმართეთ სხვადასხვა ორგანოებს, რომ ბაზარი გაეკონტროლებინათ, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა“, - განმარტავს ქეთევან ჩალახეშაშვილი.

რაც შეეხება ქართული რძის პროდუქტის საექსპორტო პოტენციალს, ჩალახეშაშვილის ამბობს, რომ ექსპორტზე გასვლა საკმაოდ ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ბევრი საწარმო თავს იკავებს.

„საექსპორტო დოკუმენტაცია უნდა გასცეს უვნებლობის სამსახურმა, როცა მათ მივმართავთ გვეუბნებიან, რო ჩვენ ვერ გავცემთ და საბაჟოზე უნდა მოხდესო, საბაჟოზე ამ დოკუმენტების გაკეთებას კი დღეები და ხშირად კვირებიც სჭირდება, ამის დრო კი ხშირ შემთხვევაში არ არის, რის გამოც ბევრი საწარმო ექსპორტზე გასვლისგან თავს იკავებს.

ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს პროდუქტი ძირითადად ამერიკაში, ისრაელში, გერმანიასა და სხვა ევროპის ქვეყნებში გააქვთ“, - ამბობს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ რძის პროდუქტების ექსპორტით 1 მილიონ 306 ათასი დოლარი მიიღო, 2021 წელს კი ეს მონაცემი 894 ათას დოლარს შეადგენდა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქეთევან ჩალახეშაშვილის რძის პროდუქტების საწარმო დედოფლისწყაროში მდებარობს, მის შესაქმნელად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ამჟამად 15 ადამიანს ასაქმებს და დღიურად 5-7 ტონა რძეს გადაამუშვებს.

კომპანიის დირექტორის ცნობით, მათი წარმოებული ყველი, სულგუნი და არაჟანი სრულად „ფრესკოს“ ფილიალებში იყიდება, თუმცა რამდენიმე წლის წინ ექსპორტზე ამერიკაშიც გავიდა და მიმდინარე წელს ამ თანამშრომლობის განახლება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები