ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს და ომს დაიწყებს, ოფიციალური თეირანის მას რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე დარტყმით უპასუხებს. Al Jazeera-სთან საუბრისას ირანის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი სახელმწიფოზე თავდასხმად არცერთმა იმ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს, რომელზეც ამერიკული ბაზებია განთავსებული. საუბარია საუდის არაბეთზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, ასევე იორდანიაზე და რეგიონის სხვა სახელმწიფოებზე.
როგორც არაღჩი ამბობს, თუ ომი დაიწყება, ირანი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დაპირისპირება რეგიონული მასშტაბის კონფლიქტში არ გადაიზარდოს და სხვა ქვეყნები არ ჩაითრიოს, ამიტომ მხოლოდ მათ ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიიტანს შეტევას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომის შემთხვევაში თეირანის ოფიციალურ პოზიციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერთან შეხვედრა დასრულდა. შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქ მუსკატში გაიმართა. მხარეებმა არაერთ საკითხზე იმსჯელეს, თუმცა პოზიციების შეჯერება პირველივე მცდელობისას ვერ მოახერხეს. როგორც ირკვევა, ოფიციალური თეირანი სარაკეტო შეიარაღების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების არსენალის შემცირებაზე, ასევე რეგიონული მოკავშირეების, ე.წ. პროქსი ძალების დახმარების შეწყვეტაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, გავრცელებული ინფორმაციით, ამ მხრივ მხარეებს პროგრესი აქვთ, რადგან ირანი მზად არის, უარი თქვას ატომური იარაღის შექმნაზე, თუ შტატები სანქციებს შეამსუბუქებს.
ცნობისთვის, როგორც ირანი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებენ. არაბეთი ზღვაში კვლავ რჩება ამერიკული შეიარაღებული ძალების ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი თავისი არმადით და რამდენიმე გამანადგურებელი, რომლებიც ტრამპმა ავიამზიდის პარალელურად გაგზავნა დაძაბულობის ზონაში.




























