გუდაურში მომუშავე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კურორტზე ერთიანი და დამოუკიდებელი ადგილობრივი მართვის სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხისმგებელი პირები გადანაწილდებიან. სხვა შემთხვევაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაზიანებული განაშენიანების და მოუვლელი ინფრასტრუქტურის ფონზე გრძელვადიან პერსპექტივაში კურორტი გაკოტრებამდე მივა.
„დღეს კურორტზე გამომუშავებული შემოსავლები ნაწილდება სხვა მიმართულებებზე, მაშინ როცა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და განათლებაში სერიოზული ხარვეზებია. სწორედ ამიტომ, ბიზნესს ასოციაცია ამზადებს ინიციატივას ეკონომიკის სამინისტროსთვის შეიქმნას გუდაურის თვითმმართველი ორგანო, რომელსაც ექნება საკუთარი ბიუჯეტი და პასუხისმგებლობა.
იდეა მარტივია: რაც გამომუშავდება გუდაურში, უნდა ხმარდებოდეს გუდაურის განვითარებას — ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას და უსაფრთხოებას. პასუხისმგებლობა უნდა იყოს მკაფიო და კონკრეტული. დღეს არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი სწორედ მენეჯმენტის არარსებობა და უფლებამოსილებების არასწორი გადანაწილებაა.
თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, გუდაურის ბიუჯეტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ზამთრის სხვა კურორტებზეც აისახება, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ ბაკურიანსაც, სვანეთსაც და გოდერძისაც. ჩვენ, ბიზნესი, ამ ინფლაციის პირობებში უფრო ნაკლებ შემოსავალს რომ ვიღებთ, ჩვენი ბიზნესიც შესაბამისად ნაკლებ გადასახადს გადავიხდით და გავკოტრდებით და ვიქნებით ნანგრევების დაბა. ველოდებით სეზონის დასასრულს, ჩვენ ვაჩვენებთ შესაბამის ორგანოებს ამ ციფრებს და თვითონაც ნახავენ, რამდენად ცუდი შედეგი მოიტანა მათმა უყურადღებობამ, რამდენად ცუდი შედეგი მოიტანა ქვეყნისთვის.
ფორმალურად ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა ხარისხობრივად არ ნიშნავს შემოსავლის ზრდას. ჩამოსული სეგმენტი ნაკლებად სარგებლობს კურორტის სერვისებით: არ ქირაობს თხილამურს, არ სტუმრობს რესტორნებს, არ იყენებს დამატებით მომსახურებებს. შედეგად, კურორტი სავსეა, მაგრამ ფული არ იხარჯება. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვლება, გუდაური სწრაფად დაკარგავს ფინანსურ მდგრადობას.“ - განაცხადა მირანდა ესაკიამ.




























