„თუ ახლა ჩამოვრჩით ასოცირებულ ტრიოს [ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა], რომლის ნაწილი და მოწინავე ქვეყანა ვიყავით ყველა მიმართულებით, შემდეგ ფაქტობრივად, შესაძლებლობის ფანჯარა იხურება და გადავინაცვლებთ გეოგრაფიულ კონტექსტში, როცა შემდეგი გაფართოების ტალღა მოვა, სომხეთთან ერთად, მაგრამ რამდენი ათწლეულით გადაინაცვლებს ეს [თარიღი], არავინ იცის“ - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. “დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს", - თქვა კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა არ დაუზუსტებია რა ვადები იქნება მითითებული წერილში. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საუბარია 31 აგვისტომდე.
სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერება, კანდიდატის სტატუსის შეჩერება, პერსონალური სანქციები - ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ რომელ ზომებს გამოიყენებს EU თავისი არსენალიდან, შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
„ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე, კონსენსუსის საფძველზე მოხდება თითოეული ოფციის მოსინჯვა. ვიცით, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი თავისი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვაჭრობენ ევროკავშირთან და შესაძლებელია, 15 პირის პერსონალურ სანქცირებაზე შეთანხმება. დანარჩენ ზომებზე კი გადაწყვეტილება შემოდგომაზე იქნება მიღებული, როცა ოქტომბრის დასაწყისში EU-ის წევრი ქვეყნების პირველი პირები შეიკრიბებიან“, - თქვა დიპლომატმა.
ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, თუ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი საქართველოსთვის, მაგრამ მისი შეფასებით, „ეს იქნება პასუხისმგებლობა არა ბრიუსელის, არამედ იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც მიღწეული შეთანხმება დაარღვია“.
მისივე თქმით, „დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობა, რომ ყველაფერი გადააბრალოს ევროპას, თითქოს ევროპა სჯის ხალხს, არის სიცრუე და მიზანმიმართული პროპაგანდა“.
„უვიზო მიმოსვლა იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფოსთან იმ პირობით გააფორმა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევდა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზიდან. ეს ნდობა არ ყოფილა უსაფუძვლო. ხაზი გადიოდა თავისუფალ არჩევნებზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე სურვილსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე. ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პირობები დღეს სრულად და სისტემურად არის დარღვეული. ყველა ეს პირობა დაარღვია კონკრეტულად „ქართულმა ოცნებამ“. ამ პირობების დარღვევა კი, იწვევს შედეგებს და ეს შედეგებია შეზღუდვები, სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება“, - აცხადებს გუჯა ხოკრიშვილი და ასევე, აღნიშნავს, რომ დღეს, ევროკავშირსაც აქვს გამოუვალი მდგომარეობა, მაგრამ როდესაც დეფაქტო ხელისუფლება უვიზო რეჟიმის პირობებს არღვევს, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„პირველ რიგში, ეს ეხება დემოკრატიას და კანონის უზენაესობას და სწორედ აქ გვაქვს დიდი უკუსვლა“, - თქვა მან და არგუმენტად აღმოსავლეთ პარტნიორობის 2025 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია მოიშველია.
საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი აფასებს ქვეყნების მზაობას ევროკავშირის ნორმებთან, კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან და ბოლო ანგარიშში EU-სთან დაახლოების მაჩვენებლებით საქართველოს სომხეთმა გადაუსწრო.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 2025 წლის ინდექსი ასახავს საქართველოს მკვეთრ დაქვეითებას დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ.
საქართველო ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს - მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ყველა ზევით დასახელებულ კატეგორიაში სომხეთსაც, გარდა თანასწორი შესაძლებლობებისა და საჯარო ადმინისტრაციული რეფორმისა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაუარესება დაფიქსირდა დემოკრატიული უფლებების, არჩევნებისა, პოლიტიკური პლურალიზმის, სახელმწიფო ანგარიშვალდებულებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
საქართველომ უმნიშვნელო პროგრესი აჩვენა ტექნიკურ და სექტორულ სფეროებში. კერძოდ, საბაზრო ეკონომიკის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულებით, გარემოსა და ტრანსპორტის მცირე ზრდასთან ერთად. ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია დემოკრატიული ძირითადი ეროზიის კომპენსაციისთვის.
შემოდგომაზე გამოქვეყნდება ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და საქართველო შეიძლება გახდეს პირველი კანდიდატი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი დემოკრატიული უკუსვლის გამო დაკარგა“, - აცხადებს გუჯა ხოკრიშვილი.
გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა „წერტილთან“ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერების რისკები მაღალია.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, მოიცავს არა მხოლოდ 9 დათქმით გათვალისწინებული პროგრესის შეფასებას, არამედ, ფაქტობრივად, ინვენტარიზაცია მოხდება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით სად დგას ქვეყანა ამ ევროპულ ფასეულობებთან. აქედან გამომდინარე, შეიძლება, [კანდიდატის სტატუსის შეჩერების] პროცესი ხვალვე არ დაიწყოს, მაგრამ თუ დაიწყო, მისი გაჩერება იქნება ძალიან რთული, ვინაიდან ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ეს მთავრობა არაა მზად გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება ნიშნავს ძალაუფლების დაკარგავს.




























