მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ გვინდა, [EMAAR-ის] პროექტი გამოვიდეს, კომპანიაც და სახელმწიფოც გამჭვირვალე უნდა იყოს" - ბოჭორიშვილი

ქბ

საქართველოში EMAAR-ის $6-მილიარდიანი ინვესტიციის პოტენციალი "ანალიტიკას" ეთერში ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა შეაფასა. როგორც ის აღნიშნავს, EMAAR-ს აქვს საჭირო გამოცდილება იმისთვის, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი განახორციელოს, თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არსებობს.

"EMAAR-ი ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი კომპანიაა შუა აღმოსავლეთში, ამ კომპანიას, ბევრი სხვა კომპანიისაგან განსხვავებით, ჩავარდნილი პროექტები ნამდვილად არ აქვს, არ ახასიათებს ხელშეკრულების გაფორმება და საქმის ბოლომდე არ მიყვანა. შესაბამისად, ცოტა სხვა გარემოება რომ იყოს, შეიძლება, ფოიერვერკებით შევხვედროდით ამ ახალ ამბავს, რადგან ის გამოცდილება, რომ 300 ჰა ტერიტორია განავითაროს კომპანიამ, ეს კომპეტენცია და უნარი, ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს.

ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ ეს კომპანია ინვესტიციებს განახორციელებს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აღმოსავლეთში და ის გარემოებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი და შემაფერხებელი დასავლური ინვესტიციებისთვის, მისთვის ნაკლებად შემაშფოთებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დღეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ამ ინვესტიციის განხორციელების პროგრესზე და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ პრესრელიზით დაანონსებული ინვესტიცია არ იქნება და რეალურად დავინახავთ შედეგს", - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან ღიაობაა, რადგან დღეს ამ ინსტიტუციას საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს. ამასთან, როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, დავის საკითხია, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს, მსგავსი მასშტაბის პროექტს გაუმკლავდეს.

"ჩვენთვის და პროცესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სანდოობა გაიზარდოს, რადგან დღეს მოსახლეობის მხრიდან ნდობა არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა ბევრია, უტოპიადაც გვეჩვენება, რომ საქართველოში ამხელა ინვესტიცია შემოდის, ამ არასტაბილურ გარემოში.

მნიშვნელოვანია, რომ, თუ გვინდა ეს პროექტი გამოვიდეს, კომპანიაც და სახელმწიფოც გამჭვირვალე იყოს: რას მოიცავს ეს ხელშეკრულება, რა ვალდებულებას იღებს სახელმწიფო, EMAAR-ი… სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამხელა პროექტის გაკეთების გამოცდილება, ამიტომ, კითხვები უფრო მაქვს, თუ შეძლებს სახელმწიფო გაუმკლავდეს ბიუროკრატიას და სწრაფად აითვისოს თანხა. მსგავსი მსხვილი, მასშტაბური პროექტების მართვის გამოცდილება დღეს საქართველოს არ აქვს, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო იყოს კარგი პარტნიორი ინვესტორისთვის?",- ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინვესტიციაზე გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები არიან და ჯერ ბევრი დეტალი უცნობია - ყველაფერი, რაც ვიცით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები