საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინფლაციის შესაკავებლად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. როგორც სსფ-ის მისიის შემაჯამებელ პრესრელიზშია აღნიშნული, ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად.
მისია მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები.
სებ-მა უნდა გააგრძელოს ინფლაციის დინამიკაზე ზედმიწევნითი დაკვირვება და მზად იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი აწევისთვის თუ ინფლაცია უფრო ყოვლისმომცველი გახდება ან მაღალ დონეზე შენარჩუნების ნიშნები გამოიკვეთა“, - ნათქვამია IMF-ის შემაჯამებელ პრესრელიზში.




























