პრემიერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ეროვნული ბანკი "იმედს" ბანკის შექმნის ლიცენზიას მისცემს, ეს სანქციებისთვის გვერდის ავლაში მონაწილეობად არ უნდა შეფასდეს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს "იმედის ბანკის" შეფასებისას განუცხადა.
"ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებების დაცვა, სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი უფლების დაცვა, მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ასეთი შესაძლო აქტი.
თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი და რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია დაცული უნდა იყოს თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს. გადასარჩენი არაფერი არ სჭირთ "იმედს" და POSTV–ს. არც ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად", - განაცხადა კობახიძემ.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „ტელეიმედი“ საკუთარი ბანკის შექმნას გეგმავს. როგორც ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს სახელწოდებით "იმედის ბანკი“.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ. ბანკებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. "ტელეიმედი" კი აცხადებს, რომ რამდენიმე ბანკმა, მათთვის საბანკო მომსახურების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ტელეკომპანიას არ სურს რომელიმე მათგანი დარტყმის ქვეშ დააყენოს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კომერციული ბანკის შექმნა ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებას საჭიროებს, BMG-მ სებ-ს ჰკითხა, მიმართვის შემთხვევაში გასცემენ თუ არა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ "იმედის" ჰოლდინგზე საბანკო ლიცენზიას.




























