მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ კონკურენციის საფუძველზე დაფინანსება არ დავიწყეთ, არც სპორტი შეგვრჩება, არც - კულტურა - ვაშაძე

61655174b727b
ინგა მურუსიძე
12.10.21 18:45
703
პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა გრძელდება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააცნო და შემდეგ კანონმდებლების კითხვებსაც უპასუხა.

"სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალის" წევრ, დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის კითხვა კულტურის და სპორტის დაფინანსების მოდელის რეფორმირების აუცილებლობას შეეხებოდა.

„საჭიროა ძირეული რეფორმა“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ 2022 წლის არსებულ პროექტს მხარს ვერ დაუჭერს და მთავარი მიზეზი სწორედ კულტურის და სპორტის მიმართულებებია.

„ვიცი, რომ კულტურის სამინისტროში ძირეული რეფორმა მზადდება და მას დაველოდები, მაგრამ ჩვენ თუ არ შევცვალეთ მიდგომა კულტურის და სპორტის მიმართ, თუ არ დავიწყეთ კონკურენციის საფუძველზე დაფინანსება, აღარც სპორტი შეგვრჩება და აღარც კულტურა. გათანაბრებული გვყავს წარმატებული და წარუმატებელი, კორუფციონერი და პატიოსნად მომუშავე ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცას აკეთებს. ამას საყვედურად ვეუბნები ყველა ადმინისტრაციას ბოლო 30 წლის განმავლობაში, რადგან კულტურა და სპორტი ყოველთვის იყო საარჩევნო ინსტრუმენტი და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანდა ეს.

რამდენი ათეული მილიონი ლარი ამოვიღეთ პენსიონერის ჯიბიდან და მოვისროლეთ მათკენ. ან საერთოდ გავაუქმოთ ეს, ან ვისაც ფულს ვაძლევთ და ვითომ ფეხბურთს ავითარებენ, პასუხი მოვთხოვოთ. 2019 წელს 252 მლნ იყო გადასროლილი იმაზე, რომ გვისწრებდეს ყველა, მათ შორის ომით გაპარტახებული ერაყი და სირია. მთვრალი მეზღვაურივით თუ გავაგრძელებთ ფულის ხარჯვას, აღარც ფეხბურთი გვექნება, აღარც რაგბი და აღარც არაფერი. რა პრინციპით ვაძლევთ ფეხბურთს ფულს და რატომ არ ვაძლევთ იგივე პრინციპით დაფინანსებას რაგბს?“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან კულტურის მიმართულებასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ელოდება, როდის გატარდება ძირეული რეფორმა.
„რაც შეეხება კულტურას, არ შეიძლება დაფინანსება მისცე ყველას ვალდებულებების გარეშე. კულტურის სამინისტრო რაც მალე წარმოგვიდგენს ამ ძირეულ რეფორმას, რაც დარგს ესაჭიროება, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები